2 ნოემბერს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე დეპუტატებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე სამშენებლო ტენდერის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან დაკავშირებით მომზადებულია შესაბამისი პროექტი, ნაწარმოებია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები, ჩვენ ფისკალური პარამეტრებიდან გამომდინარე, 2025 წლიდან ვგეგმავთ, რომ სამშენებლო ტენდერი და პროცედურები და შემდგომ მშენებლობა დავიწყოთ. სამი ლოტი არის 24-თვიანი, ხოლო ერთი ლოტი არის 36-თვიანი", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბათუმსა და თბილისის შემოვლითი გზის პროექტზეც ისაუბრა, რომლის განხორციელება 2025-26 წლებში იგეგმება.
"რაც შეეხება ბათუმი-სარფის მაგისტრალს, მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც მომდევნო წელს დასრულება, ფინანსური რესურსის პირობებში 25 წელს მზად ვიქნებით აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ამასთან, 2026 წლიდან თბილისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული რესურსებსა და ფისკალურ პირობებზე, რომელიც სავალდებულოა მდგრადობისთვის", - დასძინა მან.
რაც შეეხება ლილოს შემოვლითი გზის პროექტს, ქარსელაძის თქმით, ეს პროექტი დამუშავების პროცესშია, ისევე, როგორც ბაკურციხე-წნორის და წნორი-ლაგოდეხის პროექტები.
"ლილოს შემოვლითი გზის პროექტი დამუშავების პროცესშია, აქაც რესურსებიდან გამომდინარე იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. კახეთის მაგისტრალთან დაკავშირებით ვიცით რა განვითარებებია, ბაკურციხე-წნორის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გაისად დამთავრდება და ამასთან, წნორი-ლაგოდეხის პროექტი ასევე გათვალისწინებული გვაქვს და აქტიურად მიმდინარეობს რესურსებისა შესწავლა", - თქვა მან.