რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ხაბაშვილის შეფასებით, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ქსელურ მარკეტებში შესვლის გადასახადი საკმაოდ ლოიალური, ხშირ შემთხვევაში კი ნულოვანიც კია.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ქსელური მარკეტები ადგილობრივი პროდუქციის შეტანით თავადაც არიან დაინტერესებულები, თუმცა ხშირად ერთფეროვანი ასორტიმენტის და არაკონკურენტული ფასის გამო, ყველა მათგანის, ყველა ქსელში შესვლა ვერ ხერხდება.
"საქართველოში რითეილ ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა. პროდუქტის შეტანის პოლიტიკაც მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპანიების მიხედვით. ეს გამომდინარეობს მათი ხარჯებიდან. ზოგიერთი ახერხებს დაზოგვას გარკვეულ მიმართულებებში, ხოლო ზოგი უფრო ბევრს ხარჯავს სერვისში, ხელფასებში, იჯარის საფასურზე და სხვა. შესაბამისად, ზოგიერთის ფასები უფრო დაბალია, ზოგიერთის კი – უფრო მაღალი.
ამ კონკურენციის პირობებში ყველა რითეილერი ცდილობს, იყოს უფრო საინტერესო მომხმარებლისთვის.
საქართველოში ძალიან ბევრი რითეილერია, რომლებიც ადგილობრივ მცირე და საშუალო ზომის მწარმოებლებს გადახდებს საერთოდ არ უწესებენ. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა ფიზიკურად ადგილი არ არის იმისთვის, რომ ერთი და იგივე სახეობის რამდენიმე პროდუქტი განთავსდეს დახლებზე. შესაძლოა, ქსელს არ ჰქონდეს ადგილი რამდენიმე ერთნაირი სახეობის პროდუქტისთვის, ამიტომ ბიზნესმაც უნდა მოიკვლიოს, სად არის თავისუფალი ნიშა.
ყველა რითეილერისთვის პრიორიტეტულია ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი პროდუქტი ჰქონდეს, რადგან ეს უკავშირდება ნაკლებ რისკსაც. მეორე მხრივ, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ფასი არ იყოს უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირში იმავე პროდუქტის ფასი, რომელსაც უკვე ტრანსპორტირება, განბაჟება და სხვა ხარჯები აქვს.“ - განაცხადა ხაბაშვილმა.




























