„სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელ, ჰოტელიერ მაიკო მურაჩაშვილის შეფასებით, ქართული ტურიზმი თვისობრივი ტრანსფორმაციის ეტაპზეა, სადაც რაოდენობრივი ზრდა ავტომატურად შემოსავლების ზრდას არ ნიშნავს.
"ბევრი ტურისტი ყოველთვის არ ნიშნავს წარმატებულ სეზონს", - აცხადებს ჰოტელიერი.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, ერთ ტურისტზე საშუალო დანახარჯის კლება გამოწვეულია როგორც ევროპული (მხარჯველუნარიანი) ბაზრების სიფრთხილით რეგიონული რისკების გამო, ისე დაბალბიუჯეტიანი აზიური ნაკადების ჭარბი წილით.
გამოცდილი ჰოტელიერის შეფასებით, ამ გამოწვევას ემატება შიდა ბაზრის გაჯერება ჭარბი საწოლფონდით და არათანაბრად განაწილებული სასტუმროებით.
მაიკო მურაჩაშვილის მთავარი გზავნილია, რომ სექტორის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანია მართვის პროფესიონალიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურებში გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის დასრულება.
“წერტილი უნდა დაესვას ქვეყნისთვის საპასუხისმგებლო პოზიციებზე იმ ადამიანების დანიშვნას, რომელიც გულგრილად უყურებს [საქმეს] და არ აქვს პროფესიონალიზმი”, - თქვა მან.
ინტერვიუ მაიკო მურაჩაშვილთან
- სასტუმროების მართვის გარდა, შემომყვანი ტურიზმითაც ხართ დაკავებული - ტურისტული კომპანია “იბერია ტურს პლუსის” დამფუძნებელი ხართ. „თიბისი კაპიტალის“ უახლესი მიმოხილვის - „ტურიზმის პულსის” თანახმად, რომელიც ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ ტურისტების საშუალო დანახარჯი შემცირდა. რას ნიშნავს ეს და თქვენ რა ტენდენციებს ხედავთ ტურიზმის სფეროში - თან მალე გამოქვეყნდება ტურიზმის მეორე კვარტალის ოფიციალური სტატისტიკა…
- სტატისტიკა, რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება, ციფრებიც მაღალი იქნება და ყველას გვიხარია, რომ ტურიზმი ვითარდება, თუმცა მთავარი აქ ის არის, რომ ჩემი დაკვირვებით, რეალურად დღეს ტურიზმი ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. ბევრი ტურისტი ყოველთვის არ არის წარმატების საზომი. მხოლოდ ნაკადების ზრდა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში მეტი ფული დაგროვდება. წლებია ვუყურებთ ტენდენციას: ვიზიტორთა რაოდენობა იმატებს, მაგრამ ერთ ტურისტზე საშუალო დანახარჯი იკლებს, რაც წელს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ჩამოვეკიდეთ და აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ბაზრებზე... სხვათა შორის, კერძო სექტორმაც, თორემ ამ შემთხვევაში ტურიზმის ადმინისტრაციას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ, ისინი ბევრ როუდ შოუს მართავენ და მარკეტინგული აქტივობა მაღალია…
- აზიურ ბაზრებზე ჩამოკიდებას თუ გულისხმობთ, ეს ხომ იმიტომ მოხდა, რომ ინდუსტრიას და სახელმწიფოსაც სხვა ალტერნატივა დიდად არ ჰქონდა…
- რა თქმა უნდა, გვირჩევნია [დასავლური ნაკადები], მაგრამ რეალურად ეს ის ხალხია, ვინც დღეს მოგზაურობს და ჩვენთან მოდის. ევროპელი ტურისტი ძალიან ფრთხილია. ის ჩვენს რეგიონში და უშუალოდ საქართველოში კვლავ საფრთხეებს ხედავს. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის არასასურველი საინფორმაციო ფონიც, რომელიც ქვეყნის გარეთ ვრცელდება. ამაზე პარტნიორებთან პირადადაც მქონია საუბარი - რა თქმა უნდა, ვუმტკიცებთ, რომ აქ აბსოლუტური სიმშვიდეა და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ ევროპელი ამას მაინც უფრთხის. შესაბამისად, ძირითადი ნაკადი დღეს აზიიდან მოდის, რომელიც, ბუნებრივია, დაბალბიუჯეტიანია. დიახ, რაოდენობრივად შემოდიან, მაგრამ თითოეულ ადამიანზე ბევრი თანხა არ აკუმულირდება, არადა, ზრდის პოტენციალი გაცილებით მაღალი გვაქვს. მეორე მხრივ, გაჯერდა თავად ბაზარიც, განსაკუთრებით სასტუმროების ნაწილში. რამ გამოიწვია ფასების კლება სასტუმროების სექტორში? ეს ხომ ერთი მთლიანი ჯაჭვია. ძალიან ბევრი სასტუმრო აშენდა, უზარმაზარი ოთახფონდი გვაქვს, თუმცა რეგიონებში ეს ნაკადები თანაბრად არ ნაწილდება. ჩვენ გვიხარია 4.8 მილიარდი დოლარი [ტურიზმიდან შემოსავლების სახით], მაგრამ ეს თანხა სულ რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში იყრის თავს. სასტუმროები კი თითქმის ყველგან აშენდა. იქ, სადაც ჭარბი მიწოდებაა, კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მოთხოვნა ვერ აბალანსებს. ამ დროს ბიზნესი ერთადერთ გამოსავალს ფასების შემცირებაში ხედავს - არადა, კონკურენცია ხარისხით უნდა გაიწიოს. არ მინდა, მსმენელმა ცუდად გამიგოს, მაგრამ ჩვენს სექტორს ზუსტად ტურიზმის განათლება აკლია. მეტი ტრენინგი და გადასამზადებელი კურსია საჭირო. თუ კონკურენციას ხარისხით გავწევთ, ქვეყნის იმიჯსაც დავიჭერთ, სტაბილურობასაც და ადეკვატურ ფასსაც. ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში სასტუმროს იძულებით გაყიდვა აღარ მოგიწევს. როცა ბაზარზე ერთი, მეორე, მეხუთე, მეათე სასტუმრო იყიდება, ბანკებიც კარგავენ ინტერესს და სექტორს მაღალრისკიანად მიიჩნევენ. აქ კიდევ ერთი რამ უნდა გავაანალიზოთ: სასტუმრო პროფესიონალმა უნდა მართოს. დარწმუნებული ვარ, დღეიდან ხუთ წელიწადში ბაზარი კიდევ უფრო გაიცხრილება და აქცენტი გადავა არა იმაზე, თუ ვის უფრო ძვირფასი ავეჯი ან მეტი ოთახი აქვს, არამედ იმაზე, თუ რომელი პროფესიონალი მმართველი კომპანია მართავს ობიექტს.
- ამჯერად რას დაუსვამდით წერტილს ქართულ ტურიზმში?
- ამ კითხვაზე ყოველთვის დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, თუმცა დღეს ფიქრიც არ მჭირდება: წერტილი უნდა დაესვას გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს იმ საპასუხისმგებლო სახელმწიფო პოზიციებზე, რომლებიც ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავენ. იმ ადამიანების მუშაობას უნდა დაესვას წერტილი, ვინც თავის საქმეს გულგრილად უყურებს და კომპეტენცია არ ჰყოფნის. არ აქვს პროფესიონალიზმი. აი, ამას თუ დავუსვამთ წერტილს, კერძო სექტორი თავის საქმეს ბევრად მარტივად გააკეთებს.
- კენჭები პირდაპირ სახელმწიფო უწყებების ეზოში ისროლეთ?
- დიახ, ნამდვილად ასეა.
- განსაკუთრებით რომელ უწყებებს გამოყოფდით, სად ისურვებდით მეტ კომპეტენციას?
- ბევრ პრობლემაზე ვისაუბრეთ დღეს - საბანკო რეგულაციებითა და საგადასახადო წნეხით დაწყებული, საგზაო ინფრასტრუქტურითა და გუდაურის პრობლემებით დამთავრებული. ეს ყველაფერი ხომ სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს. რომელი ერთი გამოვყოთ?!




























