BGEO ჯგუფი კიდევ ერთი კომპანიის IPO - სთვის ემზადება. ამჯერად საუბარია Georgia Global Utilities -ზე, რომელიც საქართველოში კომუნალურ და ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", "რუსთავის წყალსა" და "მცხეთის წყალს". ამ ეტაპზე, კომუნალური ბიზნესის მმართველ რგოლში ცვლილებები არ იგეგმება. კომპანიის აქციების საჯარო შეთავაზება (IPO) 2-3 წელიწადშია დაგეგმილი და ამ მნიშვნელოვანი პროცესის მომზადებას საინვესტიციო ბანკირი, არჩილ გაჩეჩილაძე უზრუნველყოფს, რომელიც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ინიშნება.
გუნდში პოზიციებს ინარჩუნებს: მიხეილ გომართელი -გენერალური დირექტორის მოადგილე, რომელიც განაგრძობს ექსპრეს ბანკის და საქართველოს ბანკის ბრენდის მართვას. გუნდს უერთდება ახალი წევრიც: დავით წიკლაური - ის შეცვლის არჩილ გაჩეჩილაძეს, ინიშნება ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილედ. საქართველოს ბანკის გუნდთან შეერთებამდე, დავით წიკლაური მუშაობდა თიბისი ბანკში გენერალური დირექტორის მოადგილედ კორპორატიული საბანკო მიმართულებით. მანამდე ის დოიჩე ბანკის წარმატებული მენეჯერი იყო.
გუნდს უბრუნდება - რამაზ კუკულაძე - ინიშნება გენერალური დირექტორის მოადგილედ და უხელმძღვანელებს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტს და პრემიუმ სეგმენტს --სოლოს. 2011 წლიდან რამაზ კუკულაძე რესპუბლიკა ბანკის გენერლური დირექტორის მოადგილე იყო.
ბიჯეო ჯგუფის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, გუნდში ცვლილებები მის შემდგომ გაძლიერებას ემსახურება, რაც სექტემბერში საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორად კახა კიკნაველიძის დანიშვნით დაიწყო.

























