მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიჭიკო პაიკიძე ონკოლოგიური პაციენტია. გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით - ადვოკატი

პაიკიძე
25.09.25 14:23
2075

ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ პაიკიძე ონკოპაციენტია და მკურნალობის მიზნით ხშირად ტოვებს ხოლმე ქვეყანას. მან ეს კომენტარი მედიასთან სუს-ის შენობაში, ბრალდების წარდგენის პროცედურაზე შესვლამდე გააკეთა.

მისი თქმით, ბიჭიკო პაიკიძე თურქეთის მიმართულებით გაემგზავრა, ამჟამინდელი ადგილსამყოფელი კი უცნობია.

"დაბარებული ვართ, ვინაიდან დაუსწრებლად მოხდეს ბრალის წარდგენა. ჩავიბარებ ბრალის დადგენილებას და სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

ბატონ ბიჭიკო პაიკიძეს გააჩნია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. გენეტიკურად აქვს ეს, ონკოლოგიური პაციენტია და მამა ჰყავს ამით გარდაცვლილი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა დროებით ტოვებს ხოლმე საქართველოს, ვინაიდან მკურნალობს თურქეთის რესპუბლიკაში. ეს იყო მისი ჩვეულებრივი წასვლა, არანაირ გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მას რაიმე სახის საფრთხე დამუქრებოდა, არ არსებობდა. ჩვეულებრივ წავიდა. ის საქართველოდან გაემგზავრა თურქეთის მიმართულებით, მაინც ჩაიტარა გარკვეული პროცედურები, ჩემთვის რომც იყოს მისი ადგილსამყოფელი, ბუნებრივია, მე თქვენ ამის თაობაზე ვერ მოგახსენებთ", - განაცხადა ჭკადუამ.

კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორის, სუს-ის მიერ დაკავებულ ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით კი, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული.

„ველოდებით კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, მათ შორის, ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას, საქმის მასალების გადმოცემას, რის შემდეგაც, უფრო დეტალურად შემეძლება საუბარი. მისი გამოკითხვა არ შემდგარა, მისი პოზიციისთვის საჭიროა, გავიაროთ ის ეტაპი, რასაც ბრალდების წარდგენა ჰქვია. ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული და სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით, მათ შორის, ხარისხობრივად, არის ჩაბარებული",- განაცხადა გვაზავამ.

შეგახსენებთ, გუშინ სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმალვაშია ბიზნესმენი და ვანში საკრებულოს წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომლის კომპანიამაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გაფორმებულ 46.6 მილიონი ლარის კონტრაქტებიდან 4.1 მილიონი ლარი უკანონოდ მიითვისა. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელიაც. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. არსებული ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები