მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიძინა გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხეს - მოვლენების ქრონოლოგია

5d6ce97864fb1
BM.GE
02.09.19 14:01
1788
დეპუტატ ბიძინა გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ კვირას საღამოს გამართულ სხდომაზე მიიღო. პარლამენტარი ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ამის თაობაზე მედიის საშუალებებით შეიტყო.

ბიძინა გეგიძე ფრაქციას “ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ ის პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც არის.

მანამდე ბიძინა გეგიძე გამოკითხვაზე აგვისტოს შუა რიცხვებში დაიბარეს, რაზეც პარლამენტარმა და მოგვიანებით სუს-მა ამცნეს საზოგადოებას.

რამდენიმე კვირის წინ მმართველი გუნდის დეპუტატმა თქვა, რომ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თანაგუნდელების კრიტიკა დაიწყო. გეგიძემ ახსენა გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც მისი მეგობარია და მიანიშნა, რომ გამოძიება კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე დაიწყო.

ვიდრე ბიძინა გეგიძე პარლამენტის წევრი გახდებოდა (2014-2016 წწ) ის საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 8 - საათიანი გამოკითხვა ანტიკორუფციულ სააგენტოში, სწორედ “საქართველოს ფოსტაში” ბიძინა გეგიძეს მუშაობის პერიოდს უკავშირდება. სუსმა დამატებითი ინფორმაციაც გაავრცელა ამ თემაზე და დააზუსტა, რომ “გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გეგიძე მოწმის სახითაა დაბარებული, 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.”

ბიძინა გეგიძე მედიასთან აღნიშნავს, რომ გამოკითხვისას “კითხვები იყო ჩვეულებრივი, თუმცა ოქმისთვის მას ხელი არ მოუწერია, რადგან საკუთარ პასუხებში გარკვეული დაზუსტებების და კორექტივების შეტანა სურდა”.

გამოძიების შეკითხვები უკავშირდებოდა „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ფოსტის კუთვნილი ობიექტები აუქციონის წესით იყიდებოდა. დეპუტატის განმარტებით, „საქართველოს ფოსტაში“ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელი ობიექტის გატანა შეიძლებოდა აუქციონზე.

გამოძიება დაინტერესდა, როგორ აფასებდნენ ობიექტებს? გეგიძის თქმით, ეს აუდიტორული კომპანიის კომპეტენცია იყო, რომელთანაც „საქართველოს ფოსტას“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. აგრეთვე, მისი თქმით, ჰკითხეს, ხომ არ შეიძლებოდა ფასების ცვლილებები? თანხის გაფლანგვის შესახებ შეკითხვა არ ყოფილა“, - აზუსტებს პარლამენტის წევრი.

როგორც გეგიძე განმარტავს, ელექტრონულ აუქცონზე გასატანი ობიექტების სიის მომზადების შემდეგ კი „საქართველოს ფოსტის“ კომპეტენცია და უფლებამოსილება მთავრდებოდა. „აუქციონს სახელმწიფო ატარებდა“, - ამბობს ის.

მას შემდეგ, რაც გეგიძე უმრავლესობიდან გარიცხეს, ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. მის თქმით, რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ გარიცხულიყო.

“შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.

პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო",-აცხადებს ვოლსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები