მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინა ივანიშვილი: 400 000-მდე მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან

5f7609c5b910f
თამთა ჯიჯავაძე
01.10.20 20:52
3009
400 000-მდე მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 700 000-ზე მეტი მოქალაქეა.

„ჩვენ რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება. 400 000-მდე ჩვენი მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან. თუმცა, კიდევ დაგვრჩა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 700 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე,. ეს ძალიან დიდი რიცხვია. სამწუხაროდ ჩვენი ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს პრობლემა ერთბაშად დავძლიოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, არსებობს საკითხი, რაშიც ეთანხმება უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს. ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. 

"დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა და ჩვენ მის არსებობას, რასაკვირველია, ვაღიარებთ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

დღევანდელი სიღარიბე ათეული წლების მანძილზე დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო.

დღევანდელი სიღარიბე, იმ ოცწლიანი, უწყვეტი დაღმასვლის და კატაკლიზმების შედეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადახდა, რომლებზეც უკვე ვისაუბრე და აღარ გავიმეორებ.

ამიტომ, უსამართლო კრიტიკას ვერ მივიღებთ ვერც მათგან, ვინც თავის დროზე ქვემეხებით ანგრევდა რუსთაველს და დღეს დანგრეულ ეკონომიკაზე ბედავს ლაპარაკს და ვერც მათგან, ვინც 2012 წლამდე, სხვადასხვა ეტაპზე, საკუთარი უგუნურებითა თუ ანგარებით უზრუნველყო ის ეკონომიკური დაღმასვლა, რამაც შვა მასობრივი სიღარიბე, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, მემკვიდრეობით ერგო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მიუღებელია კრიტიკა და ბრალდებები იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ვინც ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში, მხოლოდ 4 პროცენტით მოახერხა სიღარიბის შემცირება და 2012 წელს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მილიონ 123 ათასი მოქალაქე დაგვახვედრა.

სიღარიბის დაძლევის ესოდენ დაბალი მაჩვენებელი, დიდ წილად, 2008 წლის ომის თანამდევი ეკონომიკური კრიზისის არაეფექტურმა და უგუნურმა მართვამაც განაპირობა. კრიზისის დასაძლევად აღებული ოთხი მილიარდი დოლარი საგარეო ვალი, რომელიც დღემდე უმძიმეს ტვირთად აწევს ქვეყანას, ეკონომიკის გაჯანსაღებას კი არ მოხმარდა, ეს ფული, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად გამოიყენეს მაშინდელმა ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა ბანკირებმა მაშინ, როცა გაჭირვებაში მყოფ ხალხს რეალური დახმარების ხელი არც უგრძვნია", – განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები