"ერთი რამ ცხადია, რომ ეს მოხდა იძულებით. ნებაყოფლობით მამუკა ხაზარაძეს არ დაუთმია "თიბისი ბანკი", რადგან სხვა თანაბარ პირობებში არ აპირებდა ბანკიდან წასვლას. სიტუაცია ძალიან რთული შესაფასებელია, როდესაც სამზარეულოს არ იცნობ. რთულია შეფასება, ხაზარაძე რამდენად მებრძოლია. შეიძლება, მან აქციონერებთან მოლაპარაკების შედეგად აწონ-დაწონა სიტუაცია და მას შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხაზარაძეს აიძულეს ასე მოქცევა, რაც არ არის კარგი მოვლენა. მე არ მაქვს იმედი, რომ მას ანაკლიის პორტის აშენებას, ან სხვა რამეს დააცლიან. მთავრობაზე ტყუილად ვაპელირებთ, აქ ბიძინა ივანიშვილია მთავარი, ის კი ბოლომდე ანადგურებს ხოლმე ადამიანს, თუ მას გულში აქვს ჩადებული", - აცხადებს ცომაია.
მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს "თიბისი ბანკის" დასაკუთრება სურს, შესაძლოა, ეტაპობრივად განხორციელდეს, რაც მენეჯმენტის შეცვლას გამოიწვევს და ამის შემდეგ ინვესტორების ინტერესიც დაიკარგება.
"შეიძლება ვცდები, მაგრამ ხაზარაძის ტაქტიკა მთლად სწორი არ უნდა იყოს, არამგონია ანაკლიის პორტისთვის ეს მსხვერპლი კმაროდეს.
თვითონ თიბისის რაც შეეხება, აქ ჩნდება ეჭვიც. ეს ერთ-ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, ბიძინას წარმომადგენელი ვიხილოთ სამეთვალყურეო საბჭოში ჯერ წევრად, შემდეგ თავმჯდომარედ, მერე აღმოჩნდეს, რომ მენეჯმენტი იცვლება და ეს თუ მოხდა, აქციონერებმაც დაკარგონ ინტერესი და ნელ-ნელა ბანკი დეგრადირდეს, რეპუტაცია დაიკარგოს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ სს "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის წინააღმდეგ დავა შეწყვიტა. სებ-ის ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" რეგულატორის მიერ დაკისრებულ ჯარიმას, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციების ფარგლებში, "ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს" უკავშირდება, გადაიხდის. ჯარიმა ერთ მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს, თუმცა ეროვნულ ბანკის წინააღმდეგ, ბანკისგან დამოუკიდებლად დავას აგრძელებენ.

























