ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები ჯერჯერობით მისი და მისი ოჯახის მფლობელობაში არსებულ კომპანიებზე არ ვრცელდება, მას შესაძლოა, ბიზნესის წარმოებისას პრობლემები არაერთი მიმართულებით შეექმნას.
როგორც ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, დამატებითი სანქციების დაწესების რისკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ივანიშვილს მომსახურებაზე უარი ევროპულმა ბანკებმაც უთხრან. ასევე არაერთმა ბიზნეს სუბიექტმა, ან პარტნიორმა უარი თქვას ბიძინა ივანიშვილთან რაიმე სახის ურთიერთობის გაგრძელებაზე.
ფინანსისტის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი “ქართული ოცნება” დღევანდელ პოლიტიკას და ანტიდასავლურ ქმედებებს გააგრძელებს, პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის მიმართ აშშ-ს საფინანსო სანქციები დამძიმდება.
“აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ფინანსური სანქციები გამონაკლისებით დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საქართველოში ოპერირების საშუალება დაუტოვეს. ამის უკან განზრახვა ისაა, რომ რადგან ივანიშვილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ქვეყნის ეკონომიკაზე რომ არ ყოფილიყო დიდი გავლენა. თუმცა ამ სანქციებს დამძიმების პოტენციალი აქვს. ივანიშვილს ფაქტობრივად ეუბნებიან, რომ თუ ახლა წესიერად არ მოიქცევა და ამ სიგიჟეებს გააგრძელებ, მაშინ სანქციები დამძიმდება.
ჩემი გაგებით, ამ სანქციებით ივანიშვილს ვეღარ ექნება ანგარიშები ამერიკულ ბანკებში და ასევე ამერიკულ კომპანიებს მასთან ურთიერთობა აკრძალული აქვთ. ეს ჯერჯერობით ევროპაზე არ ვრცელდება, თუმცა ივანიშვილს ანგარიშების შენარჩუნება ევროპულ ბანკებში ძალიან გაუჭირდება, ანდაც ოფშორულ ზონებში თავისი ტრასტების დირექტორებთან ურთიერთობა. ყველა შეშინდება, რადგან ივანიშვილი ასე თუ ისე მაინც სანქცირებული ადამიანია. სანქცირებულ ადამიანთან სულ რომ არ გქონდეს ურთიერთობა აკრძალული, მათი დილემა ის იქნება, რამდენად ღირს ამ კაცთან ურთიერთობის გაგრძელება, რადგან სამომავლოდ შეიძლება დამატებითი სანქციების რისკი იყოს. ივანიშვილი უკვე კეთროვანია თუნდაც ოფშორული სტრუქტურებისთვის, რუსეთის და ირანის მიღმა ოპერირება ძალიან გაუჭირდება, კომპანიების დაარსება, საბანკო ანგარიშებით ოპერირება და საერთოდ ბიზნესის წარმოება. გარკვეული გამონაკლისები იმიტომაა გაკეთებული, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ოპერირების გაგრძელების საშუალება ჰქონდეს”, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.