მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიძინა რა შუაშია, დაბნელებული გაქვთ თვალი" - კომიტეტის თავმჯდომარე ოფშორების კანონზე ოპოზიციის წევრს პასუხობს

პაატა კვიჟინაძე
20.05.24 13:14
334

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ოფშორების საგადასახადო შეღავათზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ. კომიტეტის "ქართული ოცნების" უმრავლესობაში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ქვეყანას ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებლად სჭირდება ოფშორული ზონებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტში მისი საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრს, ხატია დეკანოიძეს შორის შედგა შელაპარაკება, კვიჟინაძის განცხადებით, ოპოზიციამ ამ შეღავათების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების არ უნდა ეძებოს და რომ მათ ამით "თვალები დაბნელებული აქვთ".

დეკანოიძე - თქვენ იცით ბიძინა ივანიშვილს ოფშორებში რამდენი ფული აქვს?

კვიჟინაძე - ის ოფშორული კომპანიები, რომლებიც საქართველოში ფლობს კომპანიებს ყველა ვიცით, ბიძინა რა შუაშია, საერთოდ დაბნელებული გაქვთ თვალი, ბიძინა რა შუაშია, კანონზე ვსაუბრობთ.

დეკანოიძე - შეურაცხყოფას ნუ მაყენებთ...

კვიჟინაძე - რა შეურაცხყოფა, მოგმართავთ, ასე იქცევით და რა ვქნა? თქვენ გინდათ შემოიტანოთ დესტრუქცია, სალაპარაკო არ გაქვთ არაფერი, როგორც იმ კანონზე [რუსულ კანონზე], ასევე ამ კანონზე. ასწავლე ამათ რამე...

დეკანოიძე - მე არ მჭირდება სწავლა ბატონო პაატა, განსაკუთრებით კი იმის, რომ ყველა აღმოჩნდებით სანქციების ქვეშ, ვინც მხარი დაუჭირეთ რუსულ კანონს.

კვიჟინაძე - უი არ გამიხეთქე გული?

რაც შეეხება უშუალოდ სხდომას, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აღნიშნავს, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ხაზგასმულია, ოფშორული ზონების საგადასახადო შეღავათები ასევე აწესებს დისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების ადგილწარმოშობის მიხედვით, როდესაც ოფშორული ზონის პირი შეღავათით სარგებლობს, სხვა ქვეყანაში დაფუძნებულ პირებს, მათ შორის ქართულ იურიდიულ პირებს კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები