მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Big Mac-ის ინდექსი: ყველაზე ძვირი ბურგერი შვეიცარიაშია, ყველაზე იაფი - ვენესუელაში

62dfdcd1b36d3
გიორგი თოლორდავა
26.07.22 16:30
1326
The Economist-მა ბიგ მაკის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით McDonald’s-ის საფირმო ბურგერი ყველაზე ძვირად შვეიცარიაში ფასობს, სადაც მისი ღირებულება 6.5 შვეიცარიული ფრანკის ტოლია, რაც 30.3%-ით აღემატება აშშ-ის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ გამოთვლის მეთოდში საბაზო ვალუტად ამერიკული დოლარი და აშშ-ის მიმდინარე ფასები განიხილება, სადაც ერთი ბიგ მაკის ფასი 5.15 დოლარს შეადგენს.

წელს ბიგ მაკის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც ბურგერის ფასი აშშ-ის მაჩვენებელთან შედარებით 65.8%-ით ნაკლებია.

ბურგერზე განსაკუთრებით დაბალი ფასები ფიქსირდება რუმინეთში (-55.7%); ინდონეზიაში (-54.6%); სამხრეთ აფრიკასა (-54.5%) და ინდონეზიაში (-53.6%).

რაც შეეხება მაღალ ფასებს, შვეიცარიის (+30.3%) შემდეგ ნორვეგია (+21.6%); ურუგვაი (+18.1%); შვედეთი (+8.5%) და კანადა (+2.0%) მოდის.

Big Mac-ის ინდექსი ვალუტის მსყიდველობითუნარიანობის განმსაზღვრელი გამარტივებული მოდელია, რომელიც მხოლოდ ერთი პროდუქტის - ბიგ მაკის ფასს ითვალისწინებს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტზე (PPP) დაფუძნებულ ინდექსს The Economist 1986 წლიდან აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას ადარებს ბურგერის ფასს. ამ მეთოდით ბურგერი ყველაზე ძვირად ურუგვაიში (+49.2%); შვეიცარიასა (+31.0%) და ნორვეგიაში (+24.3%) იყიდება; ხოლო ყველაზე იაფად ბიგ მაკის შეძენა ჰონგ-კონგში (-52.7%); ტაივანსა (-50.5%) და რუმინეთშია (47.6%) შესაძლებელი.

საგულისხმოა, რომ The Economist-ის 2022 წლის ინდექსი საქართველოს, სომხეთს, რუსეთსა და უკრაინას არ ითვალისწინებს.

საქართველოში ამჟამად ბიგ მაგის ფასი 13.35 ლარს შეადგენს, რაც 4.78 დოლარის ექვივალენტია; შესაბამისად, ადგილობრივი ფასი ამერიკულთან შედარებით 7.18%-ით ნაკლებაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები