ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და მისი მეუღლე, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გარდაცვლილი ფინანსისტის, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისთვის გასამართლებული ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესს ჩვენებას მისცემენ.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მათ დაკითხვას კონგრესის წევრები რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა კლინტონები წარდგომაზე უარს აცხადებდნენ.
ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ გადაწყვეტილების ცვლილებას წინ ორი მოვლენა უძღოდა. ერთი მხრივ, კონგრესის წარმომადგენლები აანონსებდნენ, რომ თუ ბილ და ჰილარი კლინტონები მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ, კონგრესის წინაშე დაუმორჩილებლობის მიზეზით მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა, რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმის სახით $100,000 დოლარის გადახდას ითვალისწინებდა. ამ საქმეზე ხმის მიცემა რამდენიმე დღეში უნდა შემდგარიყო. მეორე მხრივ, კლინტონების გადაწყვეტილებაზე გავლენა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის ფაილების სრულად გამოქვეყნებამ იქონია.
საუბარია 3 მილიონზე მეტ დოკუმენტზე, 180,000 სურათსა და 2,000-ზე მეტ ვიდეოზე. როგორც ამ, ისე იქამდე გასაჯაროებულ ფაილებში ბილ და ჰილარი კლინტონები არაერთხელ არიან ნახსენები. მათ შორის, გამოქვეყნდა სურათებიც, სადაც ბილ კლინტონი ეპშტეინის თანამზრახველ, გილეინ მაქსველთან ერთად აუზში იმყოფებოდა.
გამოძიების ფარგლებში, კონგრესმენებს აინტერესებთ, თუ რა კავშირები ჰქონდათ პრეზიდენტსა და მის მეუღლეს ეპშტეინთან. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტის სახელი ეპშტეინის კუნძულისაკენ განხორციელებულ კერძო რეისებში არაერთხელაა ნახსენები, მათ შორის, 2002-2003 წლებში. ამასთან, კანონმდებლებს სურთ გაიგონ, იცოდნენ თუ არა ცოლ-ქმარმა იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელსაც ეპშტეინი ხელმძღვანელობდა და გულისხმობდა პროსტიტუციის მიზნით ადამიანების ტრეფიკინგს. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით ბილ კლინტონი იქნება ჯერალდ ფორდის შემდეგ პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც გამოძიების ფარგლებში კონგრესს ჩვენებას მისცემს. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიბარებენ საკანონმდებლო ორგანოში ყოფილ მაღალჩინოსნებს.




























