მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბილაინი” რებრენდინგისთვის ემზადება - კომპანიის ახალი მფლობელის გეგმები

6373695784158
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.22 15:55
1909
Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში CBS ჯგუფის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ “ვიონი საქართველოს”, ანუ “ბილაინის” 100%-იანი წილის შესყიდვის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, VEON-ის მფლობელ LetterOne-თან აქტივის შეძენისთვის მოლაპარაკებებს 3 წელი დასჭირდა და მის დროულად დასრულებას ხელი უკრაინაში დაწყებულმა ომმა შეუშალა, თუმცა საბოლოოდ ტრანზაქცია შედგა და დღეს “ბილაინი” სრულად ქაართულ კომპანიას წარმოადგენს.

როგორც ხვიჩა მაქაცარია აღნიშნავს, კომპანიაში რებრენდინგი არის დაგეგმილი. მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკაშირებით, გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში “ვიონი საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა ტაბიძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია ქსელის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს გეგმავს.

“ამ დროისთვის უკვე შეთანხმებულია ახალი ბრენდი, რომლითაც კომპანია განაგრძობს ოპერირებას შემდეგი წლიდან, ანალოგიურად შეთანხმებულია კონკრეტული საინვესტიციო გეგმა, რომელიც ასევე შემდეგი წლიდან დაიწყება და ის კონკრეტული მიზნები, რა ამბიციაც გვაქვს ბაზართან მიმართებაში.

ჩვენ არ ვიქნებით არავისზე ნაკლები და შევთავაზებთ ქართველ მომხმარებლებს იმაზე მეტს, რასაც დღეს ვთავაზობთ,”- განაცხადა ლაშა ტაბიძემ.

“ვიონი საქართველო” ანუ "ბილაინი" ამჟამად 1.3 მილიონ აქტიურ აბონენტს ემსახურება. კომპანიაზე მობილური ოპერატორების ბაზრის 24.5% მოდის.

გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში, CBS ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ განაცხადა, რომ უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, კომპანიას საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად მოუწია დაედასტურებინა გარიგების მიზნობრიობა.

“გარიგების ძირითადი ნაწილები დასრულებული იყო უკვე შარშან, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ამგვარი ტრანზაქციები არის რთული და მოიცავს სხვადასხვა წინაპირობის შესრულებასაც, მათ შორის რეგულატორულსაც. ომმა კი მხოლოდ გაახანგრძლივა ეს პერიოდი, რადგანაც მოგვიწია არაერთი პროცედურის გავლა, რეგულაციების დაკმაყოფილებისთვის. საერთაშორისო მასშტაბით უნდა დაგვემტკიცებინა, რომ ეს ტრანზაქცია არის ვალიდური. მთლიანად ეს ტრანზაქცია დასრულდა 2022 წლის ზაფხულის დასაწყისში,”- განაცხადა თამარ გახარიამ.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს “ვიონი საქართველომ” 125 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ამავე წელს კომპანიის ზარალი 5.2 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები