მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge... - რიგი სუბიექტებისთვის საიტის და აპლიკაციის შშმ პირებზე ადაპტირება სავალდებულო გახდება

232

სახელმწიფო დაწესებულებებს და რიგ კერძო სუბიექტებს გაუჩნდებათ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შშმ პირებისათვის მისაწვდომობის ვალდებულება, შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი - ამას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" კანონში შესატანად ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება დაწესებულებები - ადმინისტრაციული ორგანოები და კერძო
სამართლის ზოგიერთი სუბიექტი, რომლებიც ვალდებულები იქნებიან განახორციელონ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა.

"კერძო სამართლის სუბიექტების დადგენისას, რომლებზეც ვრცელდება ადაპტირების ვალდებულება, გათვალისწინებულ იქნა ამ სუბიექტების საქმიანობის სფერო და მათი მნიშვნელობა ადამიანის ყოფისთვის. უფრო კონკრეტულად, ყველა ამ სუბიექტის საქმიანობა დაკავშირებულია ბაზისური, აუცილებელი ან/და ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი სერვისებით უზრუნველყოფასთან. ეს სექტორებია ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, ტრანსპორტის, კომუნალური, საფოსტო, სადაზღვევო და სხვა",- წერია დოკუმენტში.

მოთხოვნა გავრცელდება ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა Biletebi.ge, tkt.ge, Jobs.Ge, myhome.ge - სუბიექტებზე, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა სექტორში არსებული ღონისძიებების ბილეთებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა, ამისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმის საშუალებით.

კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2027 წლის პირველი იანვარი.

კანონპროექტი ითვალისწინებს მისაწვდომობის ვალდებულების აღსრულების თავისებურებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების მისაწვდომობა უნდა განხორციელდეს პროპორციული ტვირთის დაკისრების პრინციპების გათვალისწინებით. აღნიშნული დებულება მხედველობაში იღებს კანონის ამოქმედებამდე გამოქვეყნებული/შექმნილი ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების ადაპტირებით გამოწვეულ მნიშვნელოვან ტვირთს და შესაბამის სუბიექტს ავალდებულებს ასეთი ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების სრული ადაპტირება მოახდინონ 2032 წლის 31 დეკემბრამდე.

ცვლილებების ავტორია რატი იონათამიშვილი, ხოლო ინიციატორები არიან: რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ზურაბი ქადაგიძე, სუმბატ კიურეღიანი, ირაკლი ჭეიშვილი, სალომე ჯინჯოლავა, სავალან მირზოევი, თორნიკე ფაღავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები