მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბილიკი“ ბალტიისპირეთის რეგიონში შევიდა - ტურისტული აპლიკაციის გეგმები

647f0d965e6d0
სალომე ხიდურელი
07.06.23 09:30
660
მოგზაურობის დასაგეგმი ქართული აპლიკაცია „ბილიკი“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოფიციალურად შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია აპლიკაციის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება: „სამივე ქვეყანაში ბილიკის ძლიერი პარტნიორი არსებული ტურისტული ორგანიზაცია Baltictrails LT: Miško takas - Jūrų takas, Lietuvos kaimo turizmo asociacija გახდა, რომლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია და კომპანია“.

როგორც „ბილიკის“ თანადამფუძნებელი გიორგი ცირამუა BM.GE-სთან ჰყვება, აპლიკაციაში ბალტიისპირეთის ქვეყნების 180 ტური განთავსდება, რომელთა მარშრუტიც, ჯამში, 3500 კმ-ს აღემატება.

„ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე გავიცანით, რომელიც ბათუმში ჩატარდა და ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. მათ გამოხატეს ინტერესი, შაბათს შევხვდით და ორშაბათს უკვე თანხმობა მივიღეთ თანამშრომლობაზე, პარასკევს კი მემორანდუმი გავაფორმეთ.

მიაჩნიათ, რომ ეს ბალტიისპირეთის ტურიზმის პოპულარიზაციის კარგი საშუალებაა და „ბილიკის“ გამოყენებაში ხედავენ ამ პოტენციალს. ჯერ მხოლოდ ტურების განთავსების პირველ ეტაპზე ვართ, უნდათ, რომ უფრო მეტი მარშრუტი განათავსონ ჩვენთან, თუმცა 180 ტური საკმაოდ დიდი ნაბიჯია. ტურებთან ერთად აპლიკაციაში განთავსდება ამ მარშრუტებზე არსებული ტურისტული ობიექტები და ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობაც იქნება“, - ამბობს გიორგი ცირამუა.

გარდა ამისა, „ბილიკის“ თანადამფუძნებლის თქმით, ეს თანამშრომლობა ბალტიისპირეთის ქვეყნებში საქართველოზე ცნობადობასაც გაზრდის.

„ბალტიისპირეთში გაჩნდება მეტი ცოდნა საქართველოს შესახებ და აქ მოგზაურობის მეტი მოტივაცია.

კიდევ ერთი პლუსი ამ ყველაფერს ის აქვს, რომ გაჩნდა დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროება და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით უკვე დავასაქმეთ სამი სტუდენტი. ძალიან გვიხარია, რომ სტუდენტების ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში „ბილიკს“ თავისი წვლილი შეაქვს“, - ამბობს გიორგი ცირამუა.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ტურისტული აპლიკაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „ბილიკი“ კიდევ უფრო მეტი ქვეყნის ბაზრის ათვისებას აპირებს და ამ მხრივ პრიორიტეტები პოლონეთი და ინდოეთია.

„ორგანიზაციებს, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ურთიერთობა აქვთ პოლონეთთანაც და ცდილობენ, რომ პოლონეთის ტურისტული მარშრუტებიც განთავსდეს „ბილიკში“. ამ კუთხით, ბალტიისპირეთის ქვეყნები, შედარებით, მოკრძალებული ბაზარია, ვიდრე პოლონეთი, ამიტომ აქ უფრო დიდ რიცხვებზე იქნება საუბარი.

გარდა ამისა, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ინდოეთის მიმართულებით, რადგან ინდოეთს სათავგადასავლო ტურიზმის სტრატეგია სახელმწიფო დონეზე აქვთ გაწერილი. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა რამდენიმე ინვესტორთან, რომლებიც გარდა ფინანსური ინვესტიციისა, უკვე გვიზიარებენ რჩევებს ინდოეთის ბაზარზე სწორად მოხვედრასთან დაკავშირებით“, - ამბობს გიორგი ცირამუა.

„ბილიკი“ პირველად 2019 წელს გამოჩნდა და საქართველოს რუკებს აერთიანებდა. დღეს აპლიკაცია 10-ზე მეტი ქვეყნის ტურისტულ მარშრუტებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები