რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე მარანი „ბიმბილი“ საექსპორტო ბაზრებს აფართოებს. ამის შესახებ მეღვინეობის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ გურგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, ექსპორტის წილი მათ წარმოებაში 20%-ს შეადგენს. რაჭული ღვინოები ისეთ ბაზრებზე გადის, როგორიცაა ამერიკა, გერმანია, ავსტრია და სხვა. წლის ბოლომდე კი, „ბიმბილის“ ღვინო ჩინეთშიც უნდა გავიდეს.
„ჩინეთმა ჩვენთან ხანგრძლივი ხელშეკრულება დადო, რომელიც დაახლოებით 35000 ბოთლის გაგზავნას ახალ წლამდე ითვალისწინებს. ეს იქნება სატესტო რაოდენობა. ჩინეთში ქართული ღვინის სახლებს აკეთებს, სადაც ჩვენი ღვინო სხვა ქართულ ღვინოებთან ერთად გაიყიდება. ამ სახლში დაახლოებით 90% ჩვენი ღვინოები იქნება, ასევე გადის კახური ღვინოებიც. ფაქტობრივად 3 სახეობა მიდის კახური და 4 სახეობა მიდის რაჭული. "ბიმბილის" ღვინოების ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე 11-14 დოლარს შეადგენს.
ვაგზავნით ამერიკაში, სადაც უკვე ერთი მედალი მივიღეთ, ევროპაში კი გერმანიაში, ავსტრიასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, კიდევ ორ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები, საიდანაც ერთი კომპანია გერმანულია, ხოლო მეორე კომპანია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაა. ვფიქრობ, ამ ქვეყნებშიც სატესტო მოცულობებს ახალ წლამდე გავიტანთ“, - ამბობს გურგენიძე.
ინფორმაციისთვის, „ბიმბილი“ რაჭაში გურგენიძეების საოჯახო მეურნეობაა. 2019 წელს მამულში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმო, რომელშიც დამონტაჟდა მეღვინეობის უახლესი ევროპული აღჭურვილობა. პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ მარანს და ქვევრებს. ხოლო 2020 წლიდან, მეურნეობის მიერ წარმოებული ღვინო ბაზარზე გამოჩნდა. სახელწოდება „ბიმბილი“ ყურძნის მარცვალს ნიშნავს.