მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბინები ბათუმში, მიწები ხულოში... - რა ქონებას ფლობს ხულოში "ოცნების" მერობის კანდიდატი?

 ვახტანგ ბერიძე

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა, ხულოში მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ვახტანგ ბერიძე წარუდგინა.

პარტიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ვახტანგ ბერიძე 2018-2024 წლებში იკავებდა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას. 2024 წლიდან დღემდე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ის პოლკოვნიკი და 2008 წლის ომის ვეტერანია.

ვახტანგ ბერიძეს ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 24 იანვარს აქვს ჩაბარებული. დოკუმენტის თანახმად, ის ფლობს 112 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე, რომელიც 2016 წელს, 20 000 ლარად იყიდა. ასევე, ფლობს ხულოს მუნიციპალიტეტში 2052 კვ.მ, 14 756 კვ.მ, 365 კვ.მ, 4 970 კვ.მ, 978 კვ.მ და 1645 კვ.მ მიწის ნაკვეთების 20-20%-ს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. მის საკუთრებაშია ბათუმში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე შენობა 95,86 კვ.მ, რომელიც მითითებულია, რომ 2018 წელს თავად ააშენა. ის ფლობს 94,7 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ბათუმში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე, რომელიც 2018 წელს 20 000 ლარად იყიდა. 2 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის 20%-ს ფლობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მერჩხეთში, რომელიც ასევე მემკვიდრეობით მიიღო.

დეკლარაციაში ასახულია ავტომობილი SSANG YONG KORANDO C, რომელიც 2023 წელს 6 500 დოლარად შეიძინა.

მის საბანკო ანგარიშებზე ასახულია ჯამურად 6 300 ლარამდე თანხა.

დეკლარაციის თანახმად, 2024 წელს, ვახტანგ ბერიძემ, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის დელეგატმა 5 264 ლარის, ხოლო როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა - 43 567 ლარის ანაზღაურება მიიღო.

მან გასულ წელს სესხების მომსახურებაზე 40 000 ლარამდე დახარჯა, ქონების გაყიდვით კი 50 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები