მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბინის მყიდველებს შეუძლიათ, მარტივად გადაამოწმონ, არის თუ არა სამშენებლო ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული" - ჩიქოვანი

გოგი ჩიქოვანი

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ან შეჩერებული მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაცია თბილისის ინტერაქციულ რუკაზე განთავსდა. როგორც მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი მედიასთან განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საკადასტრო კოდით გადაამოწმონ, არის თუ არა სამშენებლო ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული, ვიდრე საცხოვრებელი ბინის შეძენას გადაწყვეტენ.

"მნიშვნელოვანი ინიციატივა და სერვისი წარვადგინეთ, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების, კეთილსინდისიერი მყიდველების უფლება, რომლებიც აკეთებენ შენაძენს უძრავი ქონების როგორც მშენებარე, ასევე ახალაშენებულ ობიექტებში. სერვისი გულისხმობს, რომ მოქალაქეებმა და დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულად, თბილისის ინტერაქციულ რუკაზე შეძლონ გადაამოწმონ უკვე დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სტატუსი. ასევე, თუ მშენებარე ობიექტს აქვს გარკვეული ტიპის პრობლემა და დარღვევაა, და ამის გამო თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მხრიდან არის შეჩერებული სამშენებლო ობიექტი, აღნიშნული ინფორმაციაც განთავსდება რუკაზე. ეს დაგვეხმარება მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ასევე ეს იქნება დამატებითი კარგი მექანიზმი სამშენებლო კომპანიებისთვის, რომ კეთილსინდისიერად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები მომავალი მესაკუთრეების წინაშე და სრულყოფილად შეასრულონ სანებართვო პირობები", - ამბობს გოგი ჩიქოვანი.

მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი იმ პროცედურასაც განმარტავს, რომლითაც აღნიშნული ობიექტები თბილისის ინტერაქციულ რუკაზე განთავსდებიან.

"სამშენებლო კომპანიები მოგვმართავენ უკვე სამშენებლო ობიექტის დასრულების შემდგომ, ნებართვის ვადის გასვლიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე. მიღების შემდგომ, ჩვენი შესაბამისი ჯგუფები, როგორც არქიტექტორები, ასევე გეოდეზისტები, ადგილზე ახორციელებენ სამშენებლო ობიექტის გადამოწმებას, სანებართვო პირობებთან და შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობის დადგენას და შემდგომ ხდება ექსპლუატაციაში მიღება.

როგორც კი ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში, ის აისახება თბილისის ინტერაქციულ რუკაზე და უკვე მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს საკადასტრო მონაცემებით შეეძლებათ ელექტრონულად, უმარტივესად გადაამოწმონ, არის თუ არა მიღებული სამშენებლო ობიექტი ექსპლუატაციაში. ანალოგიურად, თუ რომელიმე მშენებარე ობიექტს შეექმნება პრობლემა იმ კუთხით, რომ ინსპექციის მხრიდან იქნება შეჩერებული, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და ამით უქმნის პრობლემებს როგორც მომავალ, ასევე არსებულ მესაკუთრეებს, ამ შემთხვევაშიც ჩვენი მხრიდან მოხდება აღნიშნული ობიექტის თბილისის ინტერაქციულ რუკაზე განთავსება. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ გადაამოწმონ მშენებარე ობიექტი, არის თუ არა შეჩერებული და რა სტატუსი აქვს ამ მიმართულებით", - განმარტავს ჩიქოვანი.

კითხვაზე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალაშენებულ შენობა-ნაგებობებს ექსპლუატაციაში არ იღებენ და ამ პროცესების გავლა შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებს უწევთ, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ, მიღებული რეგულაციების შედეგად, ასეთი შემთხვევები შემცირებულია.

"თბილისის მერიის მხრიდან მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით, როგორც რეგულაციების გამკაცრების კუთხით, ასევე აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც დარღვევის მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია კომპანიების მხრიდან მომართვიანობა და მოტივაციაც, რომ მიიღონ ექსპლუატაციაში ობიექტი.

რა თქმა უნდა, ეს გამოიწვია იმ ღონისძიებებმა, რაც ჩვენ გავატარეთ როგორც ფინანსური სანქციების, ასევე რეგულაციების გამკაცრების კუთხით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, რა თქმა უნდა, გვაქვს ბევრად უკეთესი მაჩვენებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ცალკეული შემთხვევებიც და რომ დავაზღვიოთ ამ ცალკეული შემთხვევებისგან ჩვენი მოქალაქეები და კეთილსინდისიერი მყიდველები, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - ამბობს გოგი ჩიქოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები