მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოგრაფი“ მრავალფუნქციური კომპლექსის, „საკენის“ მშენებლობას იწყებს - ინვესტიცია $70 მლნ-ია

6463893c82383
სალომე ხიდურელი
16.05.23 23:35
2131
ვისოლ ჯგუფის ბრენდი „ბიოგრაფი“ თბილისში, სასტუმრო „აფხაზეთის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი „საკენის“ მშენებლობას იწყებს, - ამის შესახებ ბრენდის თანადამფუძნებელმა, ლევან ფხაკაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

„გვინდოდა, გაგვეცოცხლებინა ის ისტორია, რაც აფხაზეთს უკავშირდება, ამიტომაც ავიღეთ სახელი „საკენი“, რომელიც აფხაზეთში საოცრად ლამაზი მდინარეა და, ასევე, თითოეულ აპარტამენტს აფხაზეთის ღირსშესანიშნავი ადგილების სახელები ერქმევა. მშენებლობისას პირველი აქცენტი ხარისხზე იქნება. შევეცდებით, მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს და მოსახერხებელი მულტიფუნქციური სივრცე ავაშენოთ, სადაც მრავალი სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი - იქნება ეს ფიტნესი თუ საცურაო აუზი და სხვ.“, - ამბობს ლევან ფხაკაძე.

პროექტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დაახლოებით, 40 000 კვ.მ-ს მოიცავს, რომლის ნახევარიც საპარკინგე ზონას დაეთმობა.

„პირველ პროექტში, რომელიც უკვე დავიწყეთ, თავმოყრილი იქნება ყველა სერვისი, რაც ადამიანს სჭირდება. კომერციული სივრცე არის დაახლოებით 40 000 კვ.მ. საიდანაც ნახევარი უჭირავს პარკინგს. ვქმნით 500 საპარკინგე ადგილს, რათა მანქანის გაჩერების პრობლემა ჩვენს მობინადრეებს სრულად გადაეჭრათ. მეორე ნახევარი მთლიანად კომერციულ სივრცეს უჭირავს, რომელსაც იჯარით გავცემთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პრემიუმ ბრენდებზე, რომლებიც საქართველოში უკვე არის“, - ამბობს „ბიოგრაფის“ თანადამფუძნებელი.

როგორც ლევან ფხაკაძე აღნიშნავს, კომპანია ახალ საცხოვრებელ კომპლექსში მრავალი სიახლის დანერგვას აპირებს.

„დეველოპმენტი ჩვენთვის უცხო არ არის, დიდი ხანია ვახორციელებთ კომერციული უძრავი ქონების განვითარებას, ვფლობთ რამდენიმე სავაჭრო ცენტრს და ზუსტად მოვიდა დრო, როცა გადავწყვიტეთ, ამ 30 წლიანი გამოცდილებით, დაგვეწყო ახალი მიმართულება. ჩვენი სტრატეგიული ხედვაა, რომ შევცვალოთ სამშენებლო ბაზარი. როდესაც ჩვენ შევისწავლეთ ეს ბაზარი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ბევრი სიახლეა შემოსატანი. პირველი იმით დავიწყებ, რომ გასაუმჯობესებელია მშენებლობის ხარისხი, რაშიც ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, მოვიკოჭლებთ. მსოფლიოში ყოველდღიურად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც შეგვიძლია ამ ქვეყანაში დავნერგოთ. ჩვენ გვინდა ბაზარზე მოვიტანოთ ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლისთვის იქნება მისაღები“, - ამბობს ლევან ფხაკაძე.

მისი თქმით, „საკენში“ ვისოლ ჯგუფმა $70 მლნ-ის ინვესტიცია ჩადო. ვაჟა-ფშაველას გამზირის გარდა, კომპანია პროექტებს აანონსებს წერეთლისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზეც: „ჩვენი შემდგომი პროექტი წერეთლის გამზირზე იქნება, სადაც ასევე აშენდება მულტიფუნქციური 30-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის გაყიდვებიც, გვინდა, აგვისტო-სექტემბრიდან დავიწყოთ. ამის შემდეგ კი ქეთევან წამებულის გამზირზე ვიწყებთ მთლიანი უბნის განვითარების პროექტს, რომელშიც დიდი სარეკრეაციო სივრცის მოწყობაც შედის და ა.შ.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები