მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოლში" $52 მილიონია ჩადებული და კიდევ $25 მილიონის ინვესტირებაა საჭირო|თამაზ მჭედლიძის გეგმები

ბიოლი

სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" დამფუძნებლის თამაზ მჭედლიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროექტში 52 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ სამედიცინო კურორტის დასასრულებლად, დაახლოებით, 5 წელი და დამატებით 20-25 მილიონი დოლარია საჭირო.

თამაზ მჭედლიძემ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, სამედიცინო ველნეს კურორტ "ბიოლის" მოწყობა ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების ინდუსტრიის შექმნის მიზნით 2005 წლიდან დაიწყო. 2017 წლიდან კი, კურორტი ოფიციალურად გახსნა და ინვესტირებას დღემდე აგრძელებს.

თამაზ მჭედლიძის განმარტებით, "ბიოლი" ჯერ კიდევ მშენებარე ობიექტია და ამჟამად რამდენიმე ახალ მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა. კერძოდ, კეთდება სპეციალური 7D მოძრავი კინოთეატრი წყლისა და ვიდეო ეფექტებით, სადაც სტუმრები საქართველოს ულამაზეს ადგილებს ვირტუალურად დაათვალიერებენ. გარდა ამისა, იგეგმება ვერტმფრენის სერვისის შეთავაზებაც.

"ბიოლში" მოძრავ კინოთეატრს ვაკეთებთ, სადაც ადამიანები საქართველოს ყველაზე ლამაზ ადგილებს ნახავენ და თან შეეძლებათ, "ბიოლში" ვერტმფრენი გამოიძახონ და დაათვალიერონ ეს ადგილები", - აღნიშნა მან.

ამასთან, ბიზნესმენის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოდან ან მაქსიმუმ ახალი წლიდან ამოქმედდება მაღალი დონის გამაჯანსაღებელი ველნეს ზონა აუზით და სხვადასხვა პროცედურის სერვისით.

გარდა ამისა, როგორც თამაზ მჭედლიძემ განაცხადა, მომავალი წლიდან იგეგმება კლინიკის მშენებლობა, რომელიც ჯანმრთელობის რესურსების მართვის იდეოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. პროექტის სავარაუდო ინვესტიცია $5-8 მილიონია.

"წერტილთან" ინტერვიუში თამაზ მჭედლიძემ ისაუბრა "Wellness ვილების“ პროექტზე, რომელიც შეაჩერა. მისი თქმით, ულტრათანამედროვე ვილების მშენებლობის ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მოზიდვას გეგმავდა, მაგრამ საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს დაბალი ცნობადობის გამო, ამ ეტაპზე პროექტში ინვესტირების დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო.

"დუბაიში გამოფენაზე ფურორი იყო ჩვენს სტენდზე... მაგრამ როცა იგებდნენ, რომ ეს ყველაფერი საქართველოშია, ეგრევე ცივად ბრუნდებოდნენ უკან… საქართველოს არ აქვს ჯერ ის წინაპირობა, რომ მე ეს ბრილიანტი ვილები გავყიდო იმ სათანადო ფასად, რაც მართლა ღირს", - აღნიშნა მან.

თამაზ მჭედლიძე ღიად ამბობს, რომ „ბიოლი“ მისთვის ბიზნესპროექტი არ არის და წმინდა ფინანსური კალკულაციით ამ თანხის ჩადება გაუმართლებელი იყო.

"ჩემთვის „ბიოლი“ აბსოლუტურად არ არის ბიზნესპროექტი. ბიზნესის თვალით რომ შევხედოთ - თუნდაც თქვენი გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე - აქ ერთი გახვრეტილი კაპიკიც კი არ უნდა ჩამედო. ჩემი კლინიკების სისტემაში ეს 52 მილიონი დოლარი რომ დამებანდებინა, წლების განმავლობაში ზემოდან მოგების სახით კიდევ 352 მილიონს მივიღებდი, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოში შეიქმნება ისეთი „ბრილიანტი“, რომელსაც ათწლეულები სჭირდება და რომელსაც ჩემ გარდა ვერავინ გააკეთებდა. სწორედ ეს მისია ავიღე საკუთარ თავზე, ბებიის ანდერძი ჩავიდე გულში და მას ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებ. რა პროცესებიც არ უნდა მიმდინარეობდეს, მთელი მსოფლიოც რომ გადაყირავდეს, მე ამას მაინც გავაკეთებ - უფრო სწორად, ბოლომდე შევინარჩუნებ", - ამბობს თამაზ მჭედლიძეს.

თამაზ მჭედლიძის განცხადებით, „ბიოლის“ მშენებლობას მხოლოდ საკუთარი (რუსეთში არსებული) კლინიკების ქსელიდან მიღებული შემოსავლებით აფინანსებს და სხვა ინვესტორებს შეგნებულად არ იზიდავს:

"ინვესტორებს არ ვიზიდავ სპეციალურად. ინვესტორს რომ მოაქვს ფული, იმას იმ ფულის გაკეთება უნდა და აქ მე ჯერ ამას ვერ ვაკეთებ… ლაქშერი სამედიცინო Wellness-ის შექმნას სჭირდება ძალიან სერიოზული და დიდი მომზადება”.

ბიზნესმენის გათვლებით, მაქსიმუმ 5 წელიწადში "ბიოლი" სრულად შეიკრება და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი სამედიცინო Wellness კურორტი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები