გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech კონკურენტის CureVac-ის შეძენას გეგმავს. გარიგების ღირებულებად $1,25 მილიარდი სახელდება - მიზეზი, mRNA-ზე დაფუძნებული კიბოს მკურნალობის კვლევის განვითარება და დაჩქარებაა.
გარიგება, რომელიც უკვე შეფასდა გარდამტეხ მომენტად გერმანიის ბიოტექნოლოგიურ სფეროში, გააერთიანებს ორ კომპანიას, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს პირდაპირ კონკურენციას უწევდნენ COVID-19-ის ვაქცინის შექმნაში და კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდებით კვლევებში.
გარიგების მიხედვით, CureVac-ის აქციონერები მიიღებენ 55%-იან პრემიას და საბოლოოდ იქნებიან BioNTech-ის აქციონერები 4%-დან 6%-მდე წილით.
გარიგების გამოცხადების შემდეგ, CureVac-ის აქციების ფასი ფრანკფურტის ბირჟაზე 27%-ით გაიზარდა და ბოლო ხუთი თვის მაქსიმუმს მიაღწია, რითაც კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.04 მილიარდი ევრო (1.2 მილიარდი დოლარი) გახდა. ამავე დროს, BioNTech-ის აქციების ფასი დაეცა 2%-ით.
BioNTech-ის თქმით, ეს გარიგება კიდევ ერთხელ ადასტურებს მის გრძელვადიან ხედვას, განავითაროს კიბოს სამკურნალო ახალი მეთოდები და დაამტკიცოს, რომ Pfizer-თან COVID-19 ვაქცინის შექმნისთვის წარმატებული პარტნიორობა შემთხვევითი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, 2020 წელს, BioNTech-მა ამერიკულ კომპანია Pfizer-თან თანამშრომლობით, ძალიან მოკლე დროში შეიმუშავა COVID-19-ის ყველაზე გაყიდვადი mRNA ვაქცინა.
CureVac-ის შეძენა BioNTech-ისთვის ბოლო ორ კვირაში უკვე მეორე მნიშვნელოვანი გარიგებაა. 2 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Bristol Myers Squibb-მა (BMS) ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებში შეიძლება გაიცეს 11.1 მილიარდ დოლარამდე თანხა BioNTech-ის კიბოს წამლის ერთობლივი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის.


























