მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოქიმფარმის“ საწარმოს მოდერნიზებით სიმძლავრე დაახლოებით 500%-ით გაიზარდა - გენერალური მენეჯერი

ბიოქიმფარმი

ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ფაგების საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი გასული წლის დეკემბერში დაასრულა. პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და 17,5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. შედეგად „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა და მიმდინარე წლის 15 სექტემბერს GMP-სერტიფიკატიც მიიღო.

წარმოების მოდერნიზებისა და GMP სტანდარტზე გადაწყობის შესახებ „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის განხორციელებამ კომპანიის საწარმოო სიმძლავრეები გაზარდა.

„პროექტის განხორციელების შემდეგ წლიური წარმადობა 400-500%-ით გაიზარდა და სიმძლავრე 30 მლნ ფლაკონს შეადგენს. ანუ წლიურად ჩვენს საწარმოს 30 მლნ ფლაკონი ფაგის ან სხვა სტერილური პრეპარატის თხევადი ფორმის წარმოება შეუძლია.

ეს არის არამხოლოდ ფაგების პირველი სერტიფიცირებული ინდუსტრიული საწარმოა მსოფლიოში, რომელიც ფაგის პრეპარატების წარმოებაა, არამედ ამიერკავკასიაში პირველი წამლის თხიერი ფორმების წარმოებაა, რომელსაც GMP-სერტიფიკატი გააჩნია. პროექტზე მუშაობისას შეგრძნება გვქონდა, რომ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდით, შედეგად ქვეყანაში გვაქვს წარმოება, რომელიც სრული ციკლით აწარმოებს წამლით თხიერ ფორმებს“, - განმარტა რატი ღოლიჯაშვილმა.

მისი თქმით, „ბიოქიმფარმმა“ პროექტზე მუშაობა დაახლოებით 7 წლის წინ დაიწყო, რაც პარტნიორების და ფინანსური რესურსების მოძიებას, ასევე კვალიფიციური კადრების მოძიებას მოიცავდა. მისი შესრულება 2021 წლის მაისში დაიწყო და თითქმის 2 წელს გასტანა. შედეგად „ბიოქიმფარმში“ დასაქმებულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ბიოფარმაცევტული კომპანია ფაგებს, როგორც ადამიანების ჯანმრთელობისთვის, ასევე მეცხოველეობის მიმართულებით აწარმოებს.

„GMP-სტანდარტის დასაკმაყოფილებლად საწარმოს სრული მოდერნიზება მოხდა, როგორც მანქანა-დანადგარების, ასევე შენობის შიდა ინფრასტრუქტურის კუთხით.

ცვლილებებში ძალიან დიდი წვლილი ადამიანებმა შეიტანეს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულებით. ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან გავიზარდეთ.

კომპანია „ბიოქიმფარმს“ დაახლოებით 15 დასახელების რეგისტრირებული პრეპარატი აქვს, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ვეტერინარიის და მეცხოველეობის მიმართულებით. ფაგის პრეპარატი გამიზნულია ბაქტერიული ინფექციების მკურნალობისა და პრევენციისთვის. სტაფილოკოკები, ეშერიხია კოლი, სტრეპტოკოკი და ა.შ. - ჩვენ გვაქვს პოლიკომპონენტური და მონოკომპონენტური პრეპარატები, რომლებიც რეგისტრირებულია როგორ საქართველოში, ისე რეგიონულ ბაზარზე“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები