ტექნოპარკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი პოტენციალი ბიოტექნოლოგიებს აქვს და ამიტომ აპირებს ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიის შექმნას. მისი თქმით, ამ პოტენციალს USAID-ისა და "მსოფლიო ბანკის" დაკვეთით ჩატარებული კვლევებიც აჩვენებენ.
“ბიოტექნოლოგიები არის ყველაზე მაღალ პოტენციური ბიზნესი საქართველოში. არაფერს საქართველოში არ გააჩნია იმაზე დიდი ლოგიკური პოტენციალი, ვიდრე ბიოტექნოლოგიებს. ორმა კვლევამ ეს აჩვენა. ერთი ჩაატარა USAID-მა, მეორე ჩაატარა "მსოფლიო ბანკის" დაკვეთით, ძალიან კარგმა კომპანიებმა. ორივემ აჩვენა, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა არის იმაში, რომ ჩვენ ბიოტექნოლოგიის კვლევის დიდი ისტორია გაგვაჩნია. გადაწყვეტილი და დაბიუჯეტებული გვაქვს უკვე ბიოტექნოლოგიების ლაბორატორიის აშენება, სახელმწიფოსთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, იმიტომ, რომ ტექნოპარკში მუშაობის დროს ინოვაციების სააგენტოში არსებობდა ეს პროექტი, რომელსაც შემდეგ დაფინანსების წყარო ვერ მოეძებნა. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გავაკეთო საქართველოში ძალიან მაგარი ბიოტექნოლოგიების ლაბორატორია და იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებ.“ - ამბობს ზვიადაძე.

























