მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - მიზეზები

6458a6ffed185
გიორგი თოლორდავა
08.05.23 12:02
6444
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება - ერთკვირიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 2,021 დოლარს შეადგენს.

ერთთვიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 9%-ითაა გაძვირებული და მისი ფასი ერთთვიან მაქსიმუმს აღწევს.

ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. მსხვილი საერთაშორისო ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ოქროს ფასზეც.

გასათვალისწინებელია, რომ FED-ის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში. ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები