საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს, ხოლო ერთწლიან პერიოდში ვარდნა 12%-ია.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის შემსუბუქებასთან არის დაკავშირებული. შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) შეფასებით, 2025 წლის დეფიციტის მაჩვენებელი წინა პროგნოზთან შედარებით 30%-ით ნაკლები იქნება, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებას უწყობს ხელს.
შაქრის იმპორტი გაუიაფდა საქართველოსაც. იანვრის მონაცემებით საქართველომ 3.6 მლნ აშშ დოლარის 5,893 ტონა შაქარი შეიძინა. გამოდის, რომ კილოგრამის ფასი 62 ცენტი იყო, მაშინ როცა გასული წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 2.7 მლნ აშშ დოლარის 3,479 ტონა შეადგინა, რაც კილოგრამზე 78 ცენტია.
თებერვლის მონაცემებს სტატისტიკის დეპარტამენტი 19 მარტს გამოაქვეყნებს.


























