გლობალურ სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასმა ბოლო ხუთი თვის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. უახლესი მონაცემებით, თეთრი შაქრის ფიუჩერსები მკვეთრად გაძვირდა და თითქმის 13%-იან ზრდას ვხედავთ, რაც პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან.
შაქრის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდაა. ირანის კონფლიქტის ფონზე, ნავთობის ფასის $100-იან ნიშნულს ზემოთ შენარჩუნებამ ბრაზილიელ მწარმოებლებს საექსპორტო ხარჯები გაუზარდა, რადგან შაქრის გადაზიდვისთვის საწვავია საჭირო, რომელიც ახლა თითქმის 50%-ით არის გაძვირებული.
ამასთან, როდესაც საწვავი ძვირდება, მწარმოებლები ამჯობინებენ შაქრის ლერწმის დიდი ნაწილი ბიოსაწვავის, კერძოდ ეთანოლის საწარმოებლად გამოიყენონ, ვიდრე საკვები შაქრის დასამზადებლად. მიწოდების ეს ხელოვნური შემცირება კი ბაზარზე მყისიერ დეფიციტს ქმნის, რაც ფასებს ზრდის.
ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, საქართველოში 1 კგ შაქრის ფასი 2 ლარის ფარგლებში მერყეობს.




























