გასულ 24 საათში ბიტკოინის ფასმა 15,600-დოლარიან მინიმალურ ნიშნულს მიაღწია; ეთერიუმის ფასი $1,080-მდე დაეცა; სოლანას ფასი კი 15 დოლარამდეა შემცირებული.
გლობალური კრიპტობირჟის საერთო კაპიტალიზაცია ერთ დღეში დამატებით 7.9%-ით შემცირდა და ამჟამად ის 834 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიტკოინის კაპიტალიზაცია $319-მილიარდიან ნიშნულამდე შემცირდა; ეთერიუმის საბაზრო ღირებულება კი 144 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
კრიპტობირჟის მკვეთრი დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია FTX-ის პოტენციურ გაკოტრებასთან და ახლა უკვე Binance-ის მიერ მის შეძენაზე უარის თქმასთან.
სწორედ დღეს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance-ი გარიგებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ რიგით მეორე უდიდესი ბირჟის, FTX-ის ყიდვას აღარ აპირებს.
Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ამიტომაც განხილვის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, უდიდესი კონკურენტის ყიდვაზე და მის გაკოტრებისგან გადარჩენაზე უარი თქვას.
"ანალიზის, განხილვისა და აშშ-ში დაწყებული გამოძიების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უარი განვაცხადოთ FTX.com-ის შეძენაზე.
თავდაპირველად ვფიქრობდით, FTX-ის დახმარებას შევძლებდით, თუმცა კომპანიაში არსებული რეალური პრობლემები სცდება ჩვენს შესაძლებლობებს, Binance-ი FTX-ს ვერ უშველის", - განაცხადა Binance-ის წარმომადგენელმა.
CoinDesk-ის წყაროების ინფორმაციით, FTX-ი, ფაქტობრივად, გაკოტრებულია და მას იმაზე გაცილებით მეტი ვალდებულებები აქვს, ვიდრე ამას კომპანიის წარმომადგენლობა ასაჯაროებდა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ FTX-ის ანგარიშზე გარღვევა იყო, კომპანია კი ვერ შეძლებდა ვალდებულებების გადაფარვას და კლიენტების მომსახურებას, რამაც ბაზარზე პანიკა და FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
FTX-ის კოლაფსში უდიდესი წვლილი სწორედ Binance-ს და მის დამფუძნებელს, ჩანგპენგ ჟაოს მიუძღვის, რომელმაც FTX-ის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გაავრცელა და Binance-ის პორტფელში არსებული FTT-ის ლიკვიდირების გადაწყვეტილება მიიღო.