ბიტკოინი ისევ გაძვირდა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეის მონაცემებით, $8,937.25 შეადგინა, ეს კი 2018 წლის 11 მაისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წლის დასაწყისში ბიტკოინის კურსი 3300 დოლარი იყო, მას შემდეგ ის რადიკალურად, 140%-ით არის მომატებული.
ზრდის მიზეზად უცხოელი ანალიტიკოსები ინსტიტუციონალური ინვესტორების მაღალ ინტერესს ასახელებენ და ამბობენ, რომ ტენდენცია მზარდია.
ექსპერტები მთელი წლის განმავლობაში, ბაზრის გამოცოცხლებასა და კრიპტოვალუტის გაძვირებას ისევ ვარაუდობენ.
ცნობისათვის, ბიტკოინი ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში, რომელიც 2009 წელს სატოში ნაკამატოს ფსევდონიმის ქვეშ შექმნეს. 2017 წლის ბოლოს კრიპტოვალუტა 20 000 დოლარი ღირდა.
შეგახსენებთ რომ, ცოტა ხნის წინ, ჰაკერებმა ე.წ. ფიშინგის, ვირუსებისა და სხვადასხვა კიბერშეტევის გამოყენებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და სანდო კრიპტობირჟის Binance-ს ანგარიშებიდან 7,000 ბიტკოინი მოიპარეს, რომელთა ჯამური ღირებულებაც 41 მილიონ დოლარს შეადგენდა.

























