მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბიუბიუ" დარგში არსებულ პრობლემებზე: "გამოდის, რომ მარტო ჩვენ ვიხდით გადასახადს"

5967409edc2b2
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.17 18:08
2518
მეფრინველეობის ქართულ კომპანიებს პროდუქციის ექსპორტზე გატანის პრობლემები აქვთ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანია "ჩირინას" ხელმძღვანელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა.

ირკვევა, რომ კომპანიამ "ბიუბიუს" ბრენდის ქვეშ მომავალ წელს დაგეგმილი გაფართოება გადადო, მიზეზად კი ქართველი მომხმარებლის დაბალი მსყიდველუნარიანობა დასახელდა.

რაც შეეხება ექსპორტს, რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ ექსპორტზე გასასვლელად ქართულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მისი განმარტებით, ერთი მხრივ, თურქეთის ბაზარი მათთვის დაკეტილია, რამდენადაც პროდუქციის შეტანაზე მაღალი გადასახადებია დაწესებული. მეორე მხრივ, ბიზნესმენი ამბობს, რომ პროდუქტის სომხეთში გატანისთვის გარკვეულწილად რუსეთის ნებართვა სჭირდებათ, რამდენადაც ორივე ქვეყანაში ერთიანი საბაჟო ტარიფები მოქმედებს.
„ჩირინას“ ქათმის ფეხების გატანა ჩინეთშიც სურს, რაზეც მოლაპარაკებებს უკვე ერთი წელია აწარმოებს.

„ერთი წელია მიმდინარეობს საუბარი და ამ მოლაპარაკებას ბოლო არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე საუბრობენ მთავრობაში“,- ამბობს ბიზნესმენი.

რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანას ამ ეტაპზე მხოლოდ აზერბაიჯანში ახერხებენ.

ბიზნესმენი მეფრინველეობის დღგ-სგან გათავისუფლებასაც ითხოვს. თუმცა, რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ მთავრობა ამით დაინტერესებული არ არის.

მისივე განცხადებით, საქართველოში საკმაოდ ბევრი წვრილი მწარმოებელია, რომელიც გადასახადს თავს არიდებს. ბიზნესმენი განმარტავს, რომ მცირე მეწარმეები საქონელს რამდენიმე შპს-ზე ანაწილებენ, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატებოდეს დაგეგმილ ნორმას და გადასახადი არ გადაიხადონ.

"გამოდის, რომ მარტო "ჩირინა" იხდის გადასახადს",- აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები