პრემიერობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი 300 კომპანიის მიერ ივსება, რაც ფისკალური კუთხით რისკის შემცველია. ამ კონტექსტში ბახტაძემ მცირე ბიზნესის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გაგრძელდება ახალი ინიციატივები და პროგრამები მცირე ბიზნესისთვის, ასევე დაწესდება საგადასახადო შეღავათები, რაც მეწარმეებს უფრო დიდ ბაზრებზე გასვლის საშუალებას მისცემს.
"სამწუხაროდ, ძალიან დაბალია მცირე ბიზნესის წილი მშპ-ში, ეს გარკვეულ რისკებს გვიქმნის ფისკალური კუთხითაც, ვინაიდან ბიუჯეტის 50% ფორმირდება 300 კომპანიის მიერ. ეს ძალიან მძიმე ფაქტორია და ნათლად აჩვენებს იმ პრობლემებს რაც გვაქვს. მცირე ბიზნესს არ ჰქონდა ის გარემო პირობები, რომ განვითარებულიყო. გამოდიოდა, რომ საგადასახადო ტვირთი მცირე ბიზნესს უფრო მაღალი ჰქონდა, ვიდრე მსხვილს. ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. მცირე ბიზნესის წილის გაზრდა მშპ-ში იქნება ყველაზე ადექვატური პასუხი იმისა, რომ სიღარიბე დავამარცხოთ", - განაცხადა ბახტაძემ.