მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტის პროექტით ₾2.1 მლრდ-ით იზრდება ვალი, მატულობს მაღალი თანამდებობის პირების ხელფასები - TI 2026 წლის ბიუჯეტს აფასებს

ბიუჯეტი

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ანალიზი გამოაქვეყნა, სადაც ძირითად ყურადღებას ამახვილებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ბიუჯეტის სტრუქტურულ ასპექტებზე.

ბიუჯეტის პროექტი 2026 წლისთვის 5%-იან რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე და 4%-იან ინფლაციაზე არის გათვლილი. TI-ის ანალიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკის შემცველ მაჩვენებლად გაზრდილ ვალს ასახელებს.

"2026 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებსაც მოიცავს, 2.9 მლრდ ლარი იქნება, რაც მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს. 2025 წელსაც 2.5%-ია დეფიციტი.

2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს 2.9 მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 2.1 მლრდ ლარით გაიზრდება. ახალი 5.1 მლრდ ლარის ვალიდან 1.8 საშინაო ვალზე მოდის, ხოლო 3.3 მლრდ - საგარეო ვალზე. აქედან, 1.4 მლრდ ლარის საგარეო ვალი 2021 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება.

მთავრობა ახალი საგარეო ვალების აღებას ძირითადად დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან გეგმავს. 2026 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარი იქნება, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5%-ია. მთავრობის ვალის 65% საგარეო ვალია", - წერს ორგანიზაცია.

  • მთავრობის ვალი: მშპ-სთან მიმართებით 35.0%-ის ფარგლებშია განსაზღვრული, რაც ფისკალური წესით დაშვებულ ნორმაში ჯდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაღალია.
  • ახალი ვალის მოცულობა: 2026 წლისთვის პროექტით დაგეგმილია 5.2 მლრდ ლარის მოცულობის ახალი ვალის აღება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს 2025 წლის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს (3.4 მლრდ ლარი).
  • გადასახადები: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთავარი წყარო კვლავ გადასახადებია, თუმცა მათი წილი მთლიან შემოსავლებში 2025 წლის 79.3%-დან 2026 წელს 76%-მდე მცირდება.

როგორც წინა წლებში, ბიუჯეტის მთავარი აქცენტები კვლავ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებზე კეთდება.

TI-ის ანალიზის მიხედვით, კრიტიკის საგანია ზოგიერთი მაკროეკონომიკური პროგნოზის, განსაკუთრებით კი ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის პარამეტრების რეალისტურობა.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს თანამდებობის პირებისთვის სახელფასო სარგოს ზრდაზე

"საჯარო სექტორში დასაქმებულთა საბაზო თანამდებობრივი სარგო 1,460 ლარიდან 1,600 ლარამდე იზრდება, რაც უმეტეს უწყებებში ხელფასების 10%-ით ზრდას განაპირობებს.

თანამდებობრივი სარგოს ზრდის გამო პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარიდან 16,000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12,410 ლარიდან 13,600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11,680 ლარიდან 12,800 ლარამდე. აღნიშნული თანხები საშემოსავლო გადასახადსაც მოიცავს", - წერს TI.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები