"თუ დასაქმებულები საკუთარი ნებით დატოვებენ საჯარო სამსახურს, მიმდინარე ხელფასი სამი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება“ - ასე წარმოუდგენია პარტია „გირჩს“ ქვეყანაში ბიუროკრატიის შემცირება.
„გირჩის“ საარჩევნო დაპირებებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვიალმა ისაუბრა.
„ბევრ შემთხვევაში, საჯარო მოხელე არსებული სისტემის მსხვერპლია. ის შესაძლებელია იყოს კვალიფიციური, პატიოსანი ადამიანი, მაგრამ მთელი ცხოვრება რაღაც უაზრო რეგულაციის კონტროლით იყოს დაკავებული, რომელიც არავის სჭირდება.
ამდენად, როგორც კი დადგება საკითხი ამა თუ იმ სამინისტროს ან დეპარტამენტის ან კიდევ რაღაც რეგულაციის გაუქმებაზე ან გადასახადის შემცირებაზე, მაშინვე გაჩნდება კითხვა - რა ვუყოთ ბიუროკრატებს?! თუ ჩვენ მართლა პატივისცემით ვუდგებით ჩვენ თანამოქალაქეებს, არ შეიძლება, ადამიანები უბრალოდ გაყარო სამსახურებიდან.
ჩვენი ხედვა ასეთია - საჯარო სექტორში დასაქმებულებს მივცემთ არჩევანს - თუ ადამიანი თავისი ნებით წავა საჯარო სექტორიდან, 3 წელი ხელფასს შევუნარჩუნებთ და მას ექნება დრო ადაპტირდეს, შეიძინოს ახალი უნარ-ჩვევები რაც საჭიროა კერძო სექტორში დასაქმებისთვის და თან ექნება გარანტია, რომ სამი წელი ანაზღაურებას მიიღებს, ხოლო თუ ჩვენი გასაშვები გახდა, მაშინ როგორც შრომის კოდექსი, კანონი ითვალისწინებს, ისე მოვიქცევით“, - ამბობს სანდრო რაქვიაშვილი.
პოლიტიკოსი ვერ აკონკრეტებს ზუსტ რიცხვს, დაახლოებით, რამდენით უნდა შემცირდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების რიცხვი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება სხვა რეფორმების მასშტაბზე, მაგრამ ამბობს, რომ ბიუროკრატიის შემცირება ბიუჯეტისთვის დამატებითი და ახალი ფინანსური წნეხი არ იქნება.
„ბიუროკრატიის ზომის შემცირება დამოკიდებულია იმაზე, რომელ სამინისტროებს გააუქმებ... ჩემი გადმოსახედიდან მაგალითად, რამდენიმე გადასახადის გაუქმება თუ შევძელით, შემოსავლების სამსახურს ნამდვილად არ დასჭირდება იმდენი ხალხი, რამდენიც ახლა ჰყავს, მაგრამ ამაზე ზუსტი პასუხი ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მასშტაბურია ის, რასაც შენ აკეთებ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
პარტია „გირჩში“, რომელიც 2024 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს, სჯერათ, რომ ქვეყნის გამდიდრების გზა გადის ნაკლებ ბიუროკრატიაზე, შეზღუდულ მთავრობაზე და ეკონომიკაში მეტი ფულის დატოვებაზე.
გირჩის საარჩევნო პროგრამა სრულად