საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PwC-ის, მიერ ჩატარებულ ბიზნეს გამოცდილების კონკურსში ქართულმა გუნდმა Skyfall -მა, აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყანას შორის მეორე ადგილი დაიკავა. ამის შესახებ გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი მაჭარაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისივე ცნობით, კონკურსი უნგრეთის ოფისის მიერ სამ ეტაპად მიმდინარეობდა, სადაც პირველი ადგილი უნგრეთმა, მეორე საქართველომ, მესამე კი ბულგარეთმა დაიკავა.
"კონკურსში აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, რუსეთის გამოკლებით, საერთო ჯამში 14 გუნდი. პირველი ეტაპი იყო ლოგიკური თამაშები, მათემატიკური ამოცანები, სადაც მე და ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წვერმა გავიმარჯვეთ. მეორე ეტაპზე კი უკვე თითოეული ქვეყნიდან ერთი გუნდი, რომელიც ფინალის საგზურს მიიღებდა, უნდა გამოვლენილიყო, საქართველოდან 10 გუნდი მონაწილეობდა და ჩვენ გავხდით ჩემპიონები და ასე აღმოვჩნდით ფინალში, სადაც იყო ბიზნეს "ქეისების" კონკურსი, კონკრეტული კომპანიისთვის ერთი კვირის ვადაში ერთგვარი სტრატეგია უნდა შეგვედგინა. რა ხარვეზები ჰქონდა, რა გადაჭრის გზები არსებობდა, რამდენად სწორად იყო ინვესტიცია ჩადებული და ფაქტობრივად, კონსულტაციას ვუწევდით თუ როგორ უნდა დაეგენერირებინათ ფინანსები სწორად და განესაზღვრათ პოზიციონირება ბაზარზე. აღნიშნულ პრეზენტაცია ჟიურის წარვუდგინეთ, რომლის წევრებიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ, რის შედეგადაც მეორე ადგილი დავიკავეთ", - აცხადებს გიორგი მაჭარაშვილი.
კთხვაზე, თუ რა მნიშვნელობისაა საქართველოს წარმომადგენლების მსგავს კონკურსებში მონაწილეობა და ამასთანავე გამარჯვების მოპოვებაც, მაჭარაშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი საქართველოს ცნობადობას და ევროპისგან მის მიმართ ინტერესს საგრძნობლად ზრდის.
"PwC მსოფლიოში ნომერ მეორე აუდიტორული კომპანიაა, როგორც შემოსავლებით ისე რეპუტაციით, შესაბამისად მსგავსი დონის ტურნირის მოგება ქვეყნის ცნობადობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განაპირობებს ევროპის რუკაზე მონიშვნას იმ კუთხით, რომ ამ ქვეყანაშიც არიან მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანები, რომლებსაც მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის თანაბარი ან ზოგ შემთხვევაში უფრო მაღალი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ. როგორც მინიმუმ, გაიზრდება დაინტერესება საქართველოს მიმართ და მსგავს პროცესებში უფრო აქტიურად ჩართავენ, რადგან ხშირად ხდება ისე, რომ საქართველო იგნორირებულია, რადგან პატარა ქვეყანაა", - განმარტავს გიორგი მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, Skyfall-ის გუნდში სამი წევრი არიან - გიორგი მაჭარაშვილი, რომელიც პროფესიით ფინანსისტია, გიორგი ურუმაშვილი - აუდიტორი და ალექსანდრე გონიაშვილი მარკეტოლოგი. როგორც მაჭარაშვილი გვიყვება, გაერთიანება საერთო ინტერესებისა და მრავალწლიანი მეგობრობის გამო გადაწყვიტეს და გამარჯვებამ სამომავლო გეგმებზე, უფრო მეტ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობასა და კომპანიებისთვის საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებაზეც დააფენინათ.