საქართველო BPO (სერვისების დისტანციურად მიწოდების) ინდუსტრიისთვის საინტერესო ლოკაციაა, - ეს განცხადება BM.GE-თან საერთაშორისო კომპანიებმა გააკეთეს, რომლებიც აღნიშნულ სექტორში ოპერირებენ. კომპანია Ryan strategic Advisory-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ამ კუთხით საქართველოსთვის ცნობადობის დაბალი დონეა.
"მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის - ცნობადობის ამაღლებაა. მსოფლიოში ბევრი ცნობილი ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ადგილია, ხოლო საქართველო ბევრი ინვესტორის რადარზე მხოლოდ ბოლო 12-18 თვეში მოხვდა. გათვალისწინებით იმისა, რომ 50-60 ქვეყანა ეძებს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით სამუშაოს, საქართველომ უნდა შექმნას ერთგვარი ნიში პოტენციური ინვესტორებისა და მათი კლიენტებისთვის.
კარგი ისაა, რომ სახელმწიფოსთვის აუთსორსინგი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამიტომაცაა, უფრო მეტ საუბარს და საქართველოში უფრო მეტ ინვესტორს ვხედავთ, რომლებიც იყენებენ აქ არსებულ ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიებს”,-ამბობს პიტერ რაიანი, Ryan strategic Advisory, დამფუძნებელი.
მისი თქმით, საქართველოზე, როგორც სერვისების დისტანციურად მიმწოდებელი ქვეყნის შესახებ უნდა გაიგოს უფრო მეტმა ქვეყანამ. რაიანი პროცესებში საქართველოს მთავრობის როლს ხედავს.
“საქართველოს ხელისუფლება ახლაც ბევრს აკეთებს. რეკომენდაცია, რომელსაც მთავრობას მივცემდი, საქართველოს რეკლამირების გაგრძელებაა მიზნობრივ ბაზრებზე, მათ შორის დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დადებითი რეკლამა და საქართველოზე საუბარი, როგორც ადგილზე, სადაც ტექნოლოგიური უნარების მქონე კვალიფიციური კადრები და შესანიშნავი ინფრასტრუქტურა - უდავოდ მნიშვნელოვანია.
შეიძლება ისიც აღვნიშნოთ, რომ საჰაერო მიმოსვლა არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც სხვა ქვეყნებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობს. ჩემთვის, მთავარი ისაა, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება ცდილობს იმოქმედოს სწრაფად და ეფექტიანად, რათა ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ წერტილად აქციოს მსოფლიოში”, - აცხადებს პიტერ რაიანი, Ryan strategic Advisory, დამფუძნებელი.