2016 წელს მთავრობის მიერ გაჟღერებული ბიზნეს სახლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა და პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა კომერციულ ბანკებში დეპოზიტზე დევს.
როგორც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, 2017 წლის ბოლოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს 106 მლნ ლარი გადაერიცხა, საიდანაც 29 დეკემბერს სამინისტრომ ბიზნეს-სახლის პროექტის განხორციელებისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდში“ 82 მლნ გადარიცხა.
BM.ge დაინტერესდა, რომელ ბანკებში დევს აღნიშნული თანხა დეპოზიტზე, რა პროცენტში და რა სარგებელი ერიცხება, რაზეც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოგვწერეს, რომ 82 მლნ ლარი „საქართველოს ბანკსა“ და „ლიბერთში ბანკში“ განათავსეს.
კერძოდ, „საქართველოს ბანკს“ 52 მლნ ლარი ერგო, 7% და 8.5%-ად, საიდანაც 20 მლნ არის მოთხოვნამდე ანაბარი, 32 მლნ ლარის გამოტანა კი, მგფ-ს ივლისის დასაწყისში შეუძლია. ხოლო დანარჩენი 20 მლნ ლარი ფონდმა „ლიბერთი ბანკში“ განათავსეს დეპოზიტზე მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე 7,2%-ად.
რაც შეეხება საპროცენტო სარგებლის სახით მიღებულ თანხას, მგფ-ის ინფორმაციით, 25 მაისისთვის სარგებელი 1 698 691 ლარი იყო.
ამასთან, როგორც BM.ge-ის მგფ-ში განუმარტეს, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის #558 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით, ფონდის ფინანსური რესურსების ერთ-ერთ წყაროს საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებში განთავსებული დეპოზიტებიდან მიღებული სარგებელი წარმოადგენს, ამიტომ ფონდში მიზანშეუწონლად მიაჩნიათ აღნიშნული სარგებლის მისაღებად ქმედებების განუხორციელებლობა.
კითხვაზე - როდის დაიწყება ბიზნეს სახლის მშენებლობა, მუნიციპალური განვითარების ფონდში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ბიზნეს სახლის მშენებლობის პროექტის შესყიდვის პროცედურისა და პროექტის/დიზაინის ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის: მუნიციპალური განვითარების ფონდი ერთადერთი არაა, ვისაც საბიუჯეტო სახსრები ბანკებში უდევს დეპოზიტზე.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესარულებაზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაში წერია, რომ რიგ სსიპ-ებს და ააიპ-ებს საკუთარი შემოსავლებიდან სავალდებულოდ შესატანი ჰქონდათ თანხები ბიუჯეტში, მაგრამ ამის ნაცვლად, მათ მფლობელობაში რჩება ჭარბი ოდენობის ფულადი რესურსი, რომელიც ბანკებში დეპოზიტებზე უდევთ და საპროცენტო შემოსავლებს იღებენ. ასეთ სიპებს შორისაა: აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი - 2 მლნ ედოთ ბანკში დეპოზიტზე, 6 მლნ ჰქონდა განთავსებული ილიას უნივერსიტეტს წლის და დასაწყისში და აშ. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სულ 20 ორგანიზაცია შეისწავლეს და მათგან 8 უწყებას 2017 წლის დასაწყისში კომერციულ ბანკებში 41 მლნ ლარი ჰქონდა დეპოზიტზე განთავსებული და წლის ბოლოს ნაშთი უკვე 64 მლნ ლარამდე ჰქონდათ გაზრდილი.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, საჯარო უწყებების მიერ კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მხედველობაში იქნეს მიღებული აღნიშნული რესურსის სხვადასხვა პროექტებში გამოყენების ალტერნატიული დანახარჯები. მნიშვნელოვანია, მოხდეს საჯარო რესურსების ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენება, რაც გულისხმობს თავისუფალი თანხების მიმართვას კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო პროდუქტების შექმნის/მომსახურებების მიწოდების მიზნით, ისე რომ ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო უწყებების ქმედითუნარიანობასა და სტაბილურად ფუნქციონირებას“, - წერია მოხსენებაში.

























