თბილისში, ორთაჭალაში დაანონსებული ბიზნეს სახლის მშენებლობაზე ტენდერია გამოცხადებული. შემსყიდველი "სახელმწიფო მომსახურების ბიუროა". სამშენებლო სამუშაოების შეყსიდვის ღირებულება 11 მილიონ 528 მილიონი ლარია.
ტენდერი 30 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 21 სექტემბერს დასრულდა, თუმცა, გამარჯვებული გამოვლენილი ჯერ არ არის.
როგორც ტენდერის დოკუმენტაციიდან ირკვევა, დაინტერესებულია სულ 4 კომპანია: შპს "კალასი", შპს "ენსისი", შპს "საბაკონსტრაქშენ", "თავ მშენებლობა საქართველო".
"პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ, მშენებლობის ხაზობრივი გრაფიკისა და ანალოგიური სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეფასება დამატებით მოითხოვს შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტის კონსულტაციას",- ნათქვამია დოკუმენტაციაში, შედეგად შემსყიდველი სატენდერო კომისიაში სპეციალისტებს იწვევს.
ტენდერის შედეგები წინადადებების მიღების დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში გამოვლინდება.
ბიზნესსახლის პროექტი შარშან დაანონსდა. ბიზნესსახლი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს.
მათ შორისაა - სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სერვისები, ბუნებრივი რესურსების ლიცენზიები, მშენებლობის ნებართვები, ენერგეტიკული პროექტები, სოფლის მეურნეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამები, პროგრამა - „აწარმოე საქართველოში", რომელთან დაკავშირებულ სერვისებს ბიზნესს მეწარმეობის განვითარების სააგენტო აწვდის, საპარტნიორო ფონდის სერვისები და ა.შ.
ჯამში, საუბარია 600-ზე მეტ მომსახურებაზე, რომელსაც ბიზნესი დღეს სახელმწიფოს მხრიდან იყენებს და ყველა მათგანი ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი.

























