„თამბაქოზე აქიციზი ბიზნესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე გაიზარდა“, - ასე გამოეხმაურა „ანალიტიკის“ ეთერში საქართველოს ბიზნესასოციაციის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი პარლამენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფილტრიანი სიგარეტის ე.წ. "ადვალური" გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება.
ნანუაშვილის განცხადებით, ბიზნესთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მათ პრაქტიკულად მოკლე ვადებში მოუწევთ ახალ რეალობაზე გადაწყობა.
„ერთ დღეს დაიწყო და დასრულდა. გაიზარდა აქციზი თამბაქოზე ყოველგვარი წინასწარი კომუნიკაციის გარეშე. ბიზნესის მხარეს ცალკე პრობლემაა, რადგან ბიზნესმა პროცესები უნდა გადააწყოს იმ კანონთან მიმართებაში, რომელიც 2 დღის წინ მიიღეს. ეს პრობლემაა მოქალაქეებისათვისაც, ვინც მოიხმარენ თამბაქოს. კარგია თუ ცუდი, ეს ცალკე თემაა. მათ უბრალოდ უთხრეს, ადექით და ხვალიდან მოიხმარეთ უფილტრო თამბაქო იმ ფასად, რა ფასადაც აქამდე ფილტრიანს ეწეოდიოთო“, - აცხადებს ნანუაშვილი.
მისივე თქმით, დღეს არ არსებობს არანაირი წინასწარი გათვლები, რის საფუძველზეც მოხდებოდა გადაწყვეტილების მიღება.
ცნობისთვის: 2019 წლის 1 იანვრიდან ერთმანეთს გაუტოლდება ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკები და ის ორივესთვის 1.70 ეღირება. საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, უფილტრო სიგარეტის აქციზური მარკა 60 თეთრი, ფილტრიანის კი, 1.70 ლარი ღირს.
ამასთანავე, იზრდება ადვალური გადასახადის მოცულობა. ადვალური გადასახადი არის კიდევ ერთი მოსაკრებელი, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია მთავრობას უხდის.
აქციზისგან განსხვავებით, რომელიც ფიქსირებულია, ადვალური გადასახადი მიბმულია პროდუქტის სარეალიზაციო ღირებულებასთან და დღეს კოლოფი სიგარეტის ფასის 10%-ს შეადგენს. საგადასახადო ცვლილებების შედეგად, ის ფილტრიანი სიგარეტისთვის სამჯერ უფრო დიდი - 30% იქნება.

























