საქართველოს ბიზნესასოციაციებს შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. კანონპროექტი ასოციაციებმა ერთობლივად განიხლეს და საკუთარი რეკომენდაციები შეუმუშავეს.
"საქმის კურსთან" დამსაქმებელთა ასოციაციის აღამსრულებელი დირექტორი სამ ძირითად პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, ბიზნესგაერთიანებებს სხვადასხვა შენიშვნა აქვთ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა, სამ ძირითად პუნტქზე ჩამოყალიბებული არიან.
კორძახია ამბობს, რომ ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მიუღებელია პუნქტი, რომლითაც სამსახურში მომხდარ ნებისმიერ შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც დაზიანდება თანამშრომელი, პასუხისმგებლობა დამსაქმებელს ეკისრება.
"მიუხედავად იმისა, დამსაქმებლის ბრალეულობა იქნება თუ არა ესა თუ ის შემთხვევა, კანონპროექტით, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დამსაქმებელმა - ეს არ არის სამართლიანი. თუ დამსაქმებელმა ყველა ნორმა და სტანდარტი დაიცვა, გადაამზადა თანამშრომელი, ასწავლა, ჩააცვა და შესაბამისი აღჭურვილობა მისცა, მაგრამ მაინც მოხდა შემთხევევა თანამშრომლის დაუდევრობით, ამ შემთხევვაში ბრალი უნდა იყოს მასზეც გადანაწილებული“,- აცხადებს მიხეილ კორძახია.
რაც შეეხება სხვა პრობლემებს, "დამსაქმებელთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ნორმა, რომლითაც კომპანიებს მოუწევთ ყველა თანამშრომლის სიცოცხლის დაზღვევა.
"რამდენად ეფექტურად იმუშავებს ეს? რამდენად შეძლებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესი ამ სიმძიმის აღებას თავის თავზე? ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებაა საჭირო",- აცხადებს მიხეილ კორძახია.
რაც შეეხება მესამე პუნქტს, რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესს პრობლემა აქვს, "დამსაქმებელთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მათთვის დამატებით განმარტებებს საჭიროებს მუხლი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს ეკისრება პასუხისმგებლობა ისეთ სამუშაო სივრცეზეც, რომელიც მას უშუალოდ არ ეკუთვნის, მაგრამ მისი თანამშრომელი იყენებს.
"სივრცე, რაც არ არის დამსაქმებლის სკაუთრება, იქ მომხდარ შემთხვევებზე, კანონპროექტი აკისრებს ვალდებულებას დამსაქმებელს. მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში "არაპირდაპირი კონტროლის" მექანიზმები ან მეტად გაშიფრული უნდა იყოს ან სრულად უნდა იყოს ამოღებული",- აცხადებს კორძახია.
აღნიშნული შენიშვნები შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობასთან დაკავშირებით შემდეგ ბიზნესასოციაციებს აქვთ: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია(GEA), საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია (GSMEA), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ამერიკის სავაჭრო პალატა და მოძრაობა KAR.GE.

























