„შესაძლებლობების ფანჯარა დღეს არის გახსნილი და საქართველომ უნდა აითვისოს ეს შესაძლებლობები და იმოქმედოს“ – ასეთია თბილისში ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩევლის მაიკლ ჰონიგშტაინის გზავნილი. ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ ჰონიგშტაინთან ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში – „ანალიტიკა“ – შედგა.
ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მრჩეველს მიაჩნია, რომ ყველაზე დიდ გავლენას პოტენციურ ინვესტორებზე იმ ინვესტორების გამოცდილება ახდენს, რომლებიც უკვე აწარმოებენ ბიზნესს საქართველოში. „როცა ინვესტორები უყურებენ ქვეყანას, შემდეგ ჩვენ და ქვეყანაში უკვე მოქმედ სხვა ბიზნესებს კითხვებით მოგვმართავენ, მთავარი კითხვებია – როგორია საქართველოში ბიზნესის წარმოება? რა არის თქვენი გამოცდილება? მაღალი რეიტინგები და ინდექსები იზიდავს ინვესტორის ყურადღებას, მაგრამ შემდეგ ისინი აქ მყოფ ადამიანებს მიმართავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია კომპანიებს, რომლებიც აქ მუშაობენ, კარგი გამოცდილება ჰქონდეთ“, – ამბობს ჰონიგშტაინი.
ამერიკის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური მრჩევლის შეფასებით, ქვეყანაში აუცილებელია გამართული სასამართლო სისტემის არსებობა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს გონივრულ ვადაში მიიღებს. „არცერთ ბიზნესს არ სურს აქ ჩამოსვლა და თანხის დაბანდება და შემდეგ, სასამართლოში მოხვედრა და უსამართლო განაჩენის მოსმენა“ – ამბობს ჰონიგშტაინი. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა კიდევ ერთი სფეროა, სადაც შეერთებული შტატები სისტემასთან თანამშრომლობს. „ბიზნესდავები სწრაფად და სამართლიანად უნდა გადაიჭრას. ვფიქრობ, ამ ნაწილში მეტი პროგრესი გვჭირდება“, – ამბობს ჰონიგშტაინი.

























