მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესების უმეტესობას არ ჰყავს ფანდრაიზერი, რის გამოც ჩვენნაირი კომპანიის დაქირავება უწევთ” - GGM

GGM

მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებენ.

როგორც GGM-ის დამფუძნებელი გენო გელაძე გადაცემა “BMGDrive”-ში სტუმრობისას აღნიშნავს, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისათვის დამახასიათებელი პრობლემაა, რადგან უმეტესობას გუნდის შიგნით დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირი არ ჰყავს.

“ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ყოველთვის იარსებებს, რადგან რამდენადაც მეტია ფინანსები, იმდენად მზარდია მოთხოვნაც. ძირითადი პრობლემა,რაც გამოკვეთილად ყველა სექტორში ჩანს, ფანდრაიზერის არარსებობაა. ვგულისხმობ, რომ ბიზნესს შეიძლება ჰქონდეს კარგი და სწორი მენეჯერული სისტემა, მაგრამ არ ჰყავდეს ფანდრაიზერი, ანუ დაფინანსების მოძიებაზე პასუხისმგებელი პირი. ამის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის და საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის, როგორც ცალკეული ბიზნესისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.” აღნიშნა გენო გელაძემ.

მართვის კომპანია GGM-ის დამფუძნებელი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეფერხების გამომწვევ მიზეზებად გამოცდილების დაბალ დონეს და კადრების დეფიციტს ასახელებს.

“დაფინანსების მომძიებლობა სულ სხვა პრაქტიკაა, სხვა გამოცდილებაა. ეს კადრი ეძებს თანხას კომპანიისთვის, საკუთარი პროექტისთვის. შესაბამისად, კომპანიას უნდა ჰყავდეს ან გუნდში უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია საგრანტო პროექტებზე მუშაობა, დონორებთან მუშაობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი. მაგრამ ამის პრაქტიკა ძალიან დაბალ დონეზეა ქვეყანაში. ჩვენს კომპანიას 20 წლიანი გამოცდილება დაუგროვდა ამ მიმართულებით და პრაქტიკაში ვისწავლეთ სწორი მართვა და მოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი გაჯერებული იყოს ფანდრაიზერებით, კონკურენცია მეტად განავითარებს მიმართულებას, რაც მეტი კომპანია გაჩნდება, მით მეტი წარმატებული ბიზნესი ეყოლება ქვეყანას და გაუმჯობესდება ბიზნესგარემოც,”- აცხადებს გენო გელაძე და დასძენს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ქვეყანაში ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები