მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ქალთა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის” ქალთა ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა
25.09.24 11:45
253
სტატიაში საუბარია:

300-მდე მონაწილე გააერთიანა ქალთა ეკონომიკურმა ფორუმმა, რომელიც 24 სექტემბერს ბიზნესფედერაციამ “ქალები მომავლისთვის”, Gazelle Finance-მა და Visa-მ გამართეს. “ქალები ბიზნესში” ამ სახელწოდების ღონისძიებაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ბიზნესით დაინტერესებული ქალებისთვის საქართველოში, ასევე შესაძლებლობები, რომლებსაც ქალებს ამ კუთხით საერთაშორისო, საჯარო თუ კერძო სექტორი სთავაზობს.

სხვადასხვა მიზეზის გამო მილიონამდე შრომისუნარიანი ქალი(15 წელს ზემოთ ასაკის კატეგორია) საქართველოში დღეს ეკონომიკაში ჩართული საერთოდ არ არის, მეორე ნაწილი კი, ვინც ბიზნესით არის დაინტერესებული, არაერთ გამოწვევას აწყდება, მათ შორის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა.

სწორედ ამ თემებზე გააკეთეს აქცენტი პანელური სესიების დროს, რომელსაც “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე და ბორდის წევრი ქეთევან ქვარცხავა უძღვებოდნენ. დისკუსიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო საფინანსო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. პანელის მონაწილეებმა - ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, USAID-ისა და EBRD-ის წარმომადგენლებმა - იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები დგამენ საქართველოში ფინანსებზე და საკონსულტაციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. მეორე მხრივ, კერძო საფინანსო ინსტიტუტებმა ისაუბრეს დაფინანსების სხვადასხვა არხების, პროექტების შესახებ; ხოლო სახელმწიფო უწყებების - „აწარმოე საქართველოში“, „სოფლის განვითარების პროგრამა“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ - წარმომადგენლებმა აქცენტი საგრანტო და თანადაფინანსების პროექტებზე გააკეთეს, რომლებიც საქართველოში სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მეწარმე ქალები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებსაც მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ ინფორმაცია, მათს რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ.

ეკონომიკური ფორუმი წარმატებული ქალების მოკლე გამოსვლებით გაგრძელდა: Women Talks: “მარცხი = შესაძლებლობა”. ამ ნაწილში სპიკერებმა გამოცდილება გააზიარეს და მოყვნენ საკუთარ ისტორიებს, როგორ აქციეს მარცხი ახალ გამოცდილებად. ეკონომიკური ფორუმი ქოუჩინგის სესიამ - “საჯარო გამოსვლის ტექნიკები” - დაასრულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები