მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესგაერთიანებები "ოქროს სიის" შეღავათების გაუქმებაზე: ეს კონტრპროდუქტიულია

5d1dba8d239ce
BM.GE
04.07.19 12:40
745
"ოქროს სიის" შეღავათების გაუქმების მიზეზებთან დაკავშირებით, 10 ბიზნესგაერთიანებას, ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურ წერილზე წერილითვე უპასუხა.

როგორც ბიზნეს ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, შეღავათების გაუქმების მთავარ არგუმენტად ფინანსთა სამინისტრო კვლავ ბიზნესსუბიექტების გათანაბრებას ასახელებს.

"ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, რომ ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის.

აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება", – ნათქვამია ათი ბიზნესგაერთიანების განცხადებაში.

ეს ორგანიზაციები არიან: გადასახადის გადამხდელთა კავშირი, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, ქართულ მაღაზიათა ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები