"უმნიშვნელოვანესია ბიზნესის ხმა, რომელზეც დგას დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი საქართველო", - ასე აფასებს სასტუმრო "კოლხიდას" თანადამფუძნებელი და ბიზნესმენი ხათუნა ლაგაზიძე freebusiness.ge-ს პლატფორმის შექმნასა და მის ხელმომწერ ბიზნესებს.
როგორც მან BMG-სთან freebusiness-ის ხელმომწერი ბიზნესმენების შეხვედრამდე განაცხადა, ბიზნესის მიერ სახელმწიფოს ბედზე პასუხისმგებლობის აღება უპრეცედენტოა და ამ გაერთიანებას ხელი ახალმა ერთიანმა პლატფორმა შეუწყო.
"ბიზნესი ასეთი პასუხისმგებლიანი არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ამიტომ ეს არის ჩემი რწმენის საფუძველი, რომ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოს, მივიღებთ ახალ არჩევნებს და ევროპაში ინტეგრაციის ძალიან დაჩქარებულ ტემპს.
დღევანდელი შეხვედრაც არის ერთგვარი ნიშანსვეტი ამ მხრივ, ასეთი ფორმატით ბიზნესი, ასეთი დიდი შემადგენლობით, რეალურად პირველად იკრიბება და პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფოს ბედ-იღბალზე. აქამდე ბიზნესი ძირითადად ზრუნავდა საკუთარ კეთილდღეობაზე სახელმწიფოს შიგნით და ნაკლებად - სახელმწიფოზე. სხვა ტიპის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იგრძნო ბიზნესმა ამ პლატფორმის დამსახურებით. Freebusiness-მა გააერთიანა ბიზნესი", - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.
კითხვაზე, რაში ხედავს ბიზნესი ვითარებიდან გამოსავალს, "კოლხიდას" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კრიზისის განმუხტვის მთავარი საშუალება ხელახალი არჩევნების დანიშვნაა.
"დღევანდელი შეხვედრის თემა იქნება, როგორ უნდა ვიხსნათ ქვეყანა იმ გარდაუვალი ეკონომიკური კრიზისისგან, საითკენაც "ქართული ოცნება" მას მიაქანებს. ამის ერთ-ერთი ნათელი დასტური არის ბრიტანეთის მიერ დაანონსებული სანქციები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ძალიან მძიმე შედეგები საქართველოში.
გამოსავალი ერთადერთია, ახალი არჩევნების დანიშვნა და, ამ მხრივ, ბიზნესის აქტიურობა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან ერთად, იქნება გადამწყვეტი, რადგან ბიზნესი ამ როლში ხელისუფლებისთვის არის ის გამოუცნობი მოვლენა, რომლის განეიტრალების გამოცდილებაც მას არ აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესისგან ამ ტიპის პასუხისმგებლობის აღება", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.


























