პოზიტიური სიგნალი ბიზნესისთვის - ასე შეფასდა ქართული კომპანიების ნაწილის მხრიდან ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება დღგ-ს ზედმეტობის უკან დაბრუნების გამარტივებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
კომპანია "ბორჯომში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილების ხელშესახები სიკეთე განსაკუთრებით იმ კომპანიებზე გავრცელდება, რომელთა პროდუქციის დიდი ნაწილიც ექსპორტზე გადის.
"ჩვენი გაყიდვების უდიდესი ნაწილი ექსპორტია, შესაბამისად, დამატებითი ღირებულების გადასახადის დაგროვება ძალიან სწრაფად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მას ვიყენებთ სხვა გადასახადებში მაინც საკმაოდ დიდი თანხა რჩება აუთვისებელი. ეს კომპანიისთვის საბრუნავი კაპიტალიდან ამოღებული გაჩერებული, გაყინული თანხაა. ამიტომაც გადაწყვეტილება რათქმაუნდა ძალიან პოზიტიურია. ჩვენ ჩავერთეთ ამ სატესტო პროგრამაში და რამდენჯერმე ძალიან სწრაფად უკვე მოვახერხეთ თანხის უკან დაბრუნება",- განაცხადა IDS ბორჯომი საქართველოს ფინანსურმა დირექტორმა შოთა ბარამიძემ.
სატესტო რეჟიმში დღგს ზედმეტობის უკან დაბრუნების სისტემით უკვე ისარგებლა კომპანია „გემუანმაც“. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ამ დრომდე აუთვისებელი თანხების უკან დაბრუნება მათ რეინვესტირების და გადაიარაღების შესაძლებლობას მისცემს, რაც ბუნებრივად პროდუქციისა და სამუშაო აგდილების მატებასთან იქნება დაკავშირებული.
"ამ გადაწყვეტილების წყალობით ძალიან მარტივად მოხდება იმ თანხების უკან დაბრუნება, რომელიც აკუმულირებული იყო ბიუჯეტში და ბიზნესი ვერ ახერხებდა ან ძალიან რთულად ახერხებდა მის დაბრუნებას. ჩვენ გვექნება იმის საშუალება რომ ეს სახსრები კვლავ წარმოებაში, დამატებით სამუშაო ადგილებშის შექმნაში და საწარმოო დანადგარების გადაიარაღებაში გამოვიყენოთ", - უთხრა "საქმიან დილას" შპს "გემუანის“ ფინანსურმა დირექტორმა მარიამ დევნოსაძემ.
გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ სამშენებლო კომპანიებშიც. გდგ-ს დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე ფიქორბს, რომ ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ერთგვარად დააკომპენსირა ავანსის დღგ-თი დაბეგვრის საკითხი, რომლის გამოც 2017 წლის 1 იანვრიდან კომპანიების ნაწილს პროექტების განხორციელების მიმართულებით სერიოზული დაბრკოლებები შეექმნათ.
„ეს ერთგვარი ჰაერი იქნება და ბიზნესი მილიონობით თანხას მიიღებს, რომელიც აუცილებლად ისევ ბიზნესში დაბრუნდება. მე ვფიქრობ, ამ ინიციატივის დაწყება პირველი ნაბიჯია და იმედს ვიქონიებ სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო მინისტრთან ერთად გააგრძელებს ფიქრს იმაზე, კიდევ რა დოზით ჩაერიოს ახალი რეგულაციებით მომდევნო პერიოდში რომ მთლიანად მოხდეს კომპენსირება იმ თანხისა, იმ შეღავათების აღდგენისა, რაც ჩვენ დავკარგეთ 2017 წლის 1 იანვარს. ვგულისხმობ ავანსის დღგ-თი დაბეგვრას, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო ბიზნესისთვის“, - განაცხადა GDG-ის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნება გამარტივებული სისტემით 15 იანვრიდან ამოქმედდა.

























