უცხოელების დასაქმების შეზღუდვა ბიზნესებს შორის კადრების გადადინებას და შიდა კონკურენციას გამოიწვევს, რითაც საბოლოოდ, ისევ ბიზნესი და მოსახლეობა იზარალებს - ამის შესახებ BMG-სთან „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფი“ დამფუძნებელი მაიკო მურაჩაშვილი საუბრობს.
მისი განმარტებით, ბაზარი ისედაც დეფიციტურია, რადგან, კვალიფიციური მუშახელის დიდი ნაწილი ისედაც საზღვარგარეთ გაედინება. უცხოელების დასაქმების შეზღუდვა კი, ბაზარზე ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.
“დაიწყება შიდა კონკურენცია სხვადასხვა ბიზნესებს შორის, ერთმანეთის ბიზნესებიდან კადრების გადაყვანა, ხელფასის კონკურენცია და ა.შ. ამიტომ, ბიზნესი გააძვირებს ხელფასებს, მომსახურებას და იზარალებს მოსახლეობა. ჩემს შემთხვევაში, არც ერთ სასტუმროში უცხოელები დასაქმებული არ მყავდა, მაგრამ უფრო შედარებით დიდ და ბრენდულ სასტუმროებში, იყვნენ უცხოელი სტუდენტები. ახლა კი, როცა კურიერების დეფიციტი გაჩნდება და გაიზრდება ამ პოზიციაზე ანაზღაურება, ჩვენთან დასაქმებული პირი საკურიერო კომპანიაში გადავა და მე კადრი არ მეყოლება. ანუ პრობლემა ირიბად მომხვდება, მაგრამ აუცილებლად მომხვდება.
თუ საქართველოს მოქალაქეს, ადმინისტრატორს, მაგალითად, 1500 ლარს ვუხდიდი და ხვალ საკურიერო კომპანიამ 2000 ლარი გადაუხადოს, იქ წავა. მე დავკარგავ ადამიანს, ანუ ვალდებული ვიქნები ან გავზარდო ხელფასი, რომელიც მერე ბიზნესს დამირტყამს, იმიტომ რომ ბიზნესს ვერ შევინახავ, ან დავრჩები მუშახელის, ადამიანური რესურსის გარეშე. გარედან რომ ვიღაცა შემოვიყვანო, მაგისთვის ძალიან დიდი პროცედურები დამჭირდება და ან შემოვიყვან ან ვერა” - განმარტავს მაიკო მურაჩაშვილი BMG-სთან.
ამასთან, მისივე თქმით, ბიზნესი დიდი ხანია თავადვე ეძებს კადრებს და ამზადებს. ტრენინგებისა და გადამზადების ტვირთს კი, საკუთარ თავზე იღებს.
“თან ვასწავლით, თან ვასაქმებთ, თან ვაცხოვრებთ, თან ყველანაირ პირობას ვუქმნით. აი, ეს მდგომარეობა გვაქვს და ეს კიდევ უფრო დაგვიმძიმდება” - ამბობს მაიკო მურაჩაშვილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება.


























