"გიორგი არის ფართო განათლების მქონე ადამიანი. ის გამოირჩევა პრინციპულობით და ლიდერის თვისებებით. გიორგი გახარია არის ბიზნესომბუდსმენი და ის რომ მან ბიზნესის წარმომადგენლებთან მოახერხა სრულიად განსხვავებული, თანამშრომლობაზე ორიენტირებული ურთიერთობების ჩამოყალიბება, ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ მისი შემოსვლა ჩვენს რიგებში დიდი შენაძენია არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“, არამედ მთლიანად პოლიტიკისთვის", - ამ სიტყვებით დაახასიათა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ „ოცნების“ ახალი სახეების წარდგენისას.
დღეს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას მისი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ასრულებს. უკვე „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი გახარია კი პოლიტიკოსის რანგში მედიასთან გამოჩენას არ ჩქარობს. ამიტომ „ბიზნესკონტრაქტმა“ გადაწყვიტა, ბიზნესომბუდსმენის რანგში მისი საქმიანობა შეეჯამებინა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2013 წლიდან 2015 წლის განმავლობაში, ბიზნესომბუდსმენისადმი ბიზნესის მიმართვიანობა მზარდი იყო და 2015 წელს აღნიშნულმა რიცხვმა 391 შეადგინა. მართალია, ეს მშრალი რიცხვია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლოს სამი წლის განმავლობაში, ზრდადი იყო მთავრობისადმი პრეტენზიები და ბიზნესიც გახარიას ინსტიტუტს მიმართვდა.
გარდა ამისა, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბიზნესომბუდსმენმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან 2000-ზე მეტი შეხვედრა გამართა. ყველაზე მეტი - 1132 შეხვედრა ჰქონდა გახარიას 2014 წელს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, დასკვნებს და შუამდგომლობებს, ეს რიცხვიც ზრდადი იყო და მხოლოდ 2015 წელს 125 შეადგინა.
როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში „ბიზნესკონტრაქტს“ უთხრეს, მათთან შესული წერილობითი მიმართვების საშუალოდ 50% მოდიოდა საგადასახადო საქმეებზე, დანარჩენი კი სხვა სახელმწიფო უწყებებზე. რეკომენდაციების 80%-ის გათვალისწინება ხდებოდა.
აღსანიშნავია მიმდინარეწლის 6 თვის მონაცემებიც - გახარიას აპარატში წელს უკვე შევიდა 202 განცხადება, ბიზნეოსმბუდსმენმა გამართა 394 შეხვედრა და გაიცა 39 რეკომენდაცია.
სწორედ ხშირი შეხვედრების და გაცემული რეკომენდაციების გამო კერძო სექტორის ნაწილი, ვინც „ბიზნესკონტრაქტმა“ ჩაწერა, მადლობას უხდის გიორგი გახარიას გაწეული საქმიანობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ბიზნესომბუდსმენის რეკომენდაციებს ხელისუფლება არ ითვალისწინებდა.
კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი გიორგი გახარიას საქმიანობას შემდეგნაირად აფასებს:
"ბიზნესომბუდსმენს ხშირად ვხვდებოდით და ამ შეხვედრების დღის წესრიგში ინდუსტრიის საკითხებსაც განვიხილავდით. მაგალითად, იგივე ცნობილი თემაა ლუდის აქციზის საკითხი. ბიზნესომბუდსმენის მხრიდან მომზადებული იქნა დადებით დასკვნა იმის თაობაზე, რომ შესაძლებელი იყო აქციზის შემცირება, მაგრამ შემდეგ ეს საკითხი რატომღაც გაჩერდა ფინანსთა სამინისტროში. ამიტომ ვისურვებდი, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს მის მიერვე გაწეულ რეკომენდაციებზე, თუმცა იმ შეზღუდული რესურსის პირობებში, რაც ბიზნეოსმბუდსმენს გააჩნდა, ვფიქრობ, გიორგი გახარიას საუკეთესო შედეგები ჰქონდა“.
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი გიორგი გახარიას საქმიანობას შემდეგნაირად აფასებს: "არ ვიცი, ბატონი გიორგი რომ არ ყოფილიყო, დღემდე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ჩვენი საქმეები. ჩვენი პრობლემების დაწყების დღიდან მთელი მისი აპარატი საქმის გარკვევასა და შესწავლაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული და შემიძლია გითხრათ, რომ უფრო მეტი გულისყურით შეუძლებელი იყო მოპყრობა, რასაც გიორგი გახარია ჩვენი ბიზნესის პრობლემის მიმართ იჩენდა“.
საქართველოს ბანკების ასოციაციაციის თავმჯდომარე ზურაბ გვასალია გიორგი გახარიას საქმიანობაზე: „ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა გიორგი გახარიასთან და მინდა, თუ რაიმე შკალა არსებობს შეფასების, უმაღლესი შეფასება მივცე მის მოღვაწეობას. ყოველთვის კომპეტენტური და მონდომებული იყო, რომ საქმეები სამართლიანად გადაწყვეტილიყო. ის ყოველთვის გულისყურით უდგებოდა იმ პრობლემას, რომელიც მასთან მიდიოდა და დარწმუნებული ვარ, სადაც წავა, იქიდანაც შეძლებს ბიზნესის მხარდაჭერას“.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ბიზნესკონტრაქტმა“ ბიზნესის წარმომადგენლებს ჰკითხა - ამ ფონზე რამდენად კარგად შეუძლია ომბუდსმენს ბიზნესის ინტერესების დაცვა და როგორი უნდა იყოს ახალი ბიზნესომბუდსმენი.
კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ სასურველია, თუ ბიზნესომბუდსმენის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე სხვადასხვა პირი დაინიშნება, რათა არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი. ამასთან, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ახალი ბიზნესომბუდსმენი ბიზნესიდან წამოსული კადრი იქნება. "ასეთი ბიზნესომბუდსმენისთვის ბიზნესი იქნება დიდი ლეგიტიმაციის მიმცემი. მომავალში, ბიზნესომბდსმენად ვისურვებდი ბიზნეს-ლიდერს, ბიზნესიდან წამოსულ პიროვნებას, რომელიც რაღაც ფორმით კონსესუსით შეირჩევა და მთავრობის მეთაური დანიშნავს. რას მოგვცემდა ეს? - როცა ბიზნესიდან წამოსული ბიზნესომბუდსმენი გვყავს, ამით ძალიან მარტივად შეგვიძლია ნებისმიერ ინვესტორს დავანახოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბიზნესის ჩართულობა გამყარებულია იმ მექანიზმითაც, რომ სახელმწიფო თანამდებობაზეა ბიზნესიდან წამოსული პირი“, - ამბობს ხუნძაკიშვილი.
„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ გვასალია: "ბუნებრივია, ბიზნესი, რა თქმა უნდა, ნერვიულობს, თუ ვინ იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი. ბევრად უფრო ადვილია იმის წარმოდგენა, რომ ის იყოს ბიზნესიდან წამოსული პირი, რომელიც შეძლებს უფრო კარგად იმუშაოს ბიზნესპრობლემებზე“.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი: "მთავარია, რომ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი ომბუდსმენი, რომელიც ბიზნესის ინტერესებს იცავს. ბატონი გიორგი გახარია ძალიან წარმატებული იყო, როდესაც მხოლოდ ომბუდსმენი იყო, მაგრამ როგორც კი მან შეითავსა ასევე პრემიერმინისტრის მრჩევლის ფუნქცია, იმ წამსვე გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ის უკვე აღმასრულებელს ექვემდებარებოდა. ვინ აირჩევს ბიზნესომბუდსმენს - თვითონ ბიზნესსაზოგადოება თუ მთავრობა ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება ომბუდსმენი, რომელიც დამოუკიდებელია და იბრძვის ბიზნესის ინტერესების გასატარებლად და ვისაც არ ეშინია საკითხები ისე წარმოაჩინოს, როგორც ეს სინამდვილეშია".
„საქართველოს ბანკების ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ გვასალია: "ბუნებრივია, ბიზნესი, რა თქმა უნდა, ნერვიულობს, თუ ვინ იქნება ახალი ბიზნესომბუდსმენი. ბევრად უფრო ადვილია იმის წარმოდგენა, რომ ის იყოს ბიზნესიდან წამოსული პირი, რომელიც შეძლებს უფრო კარგად იმუშაოს ბიზნესპრობლემებზე“.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი: "მთავარია, რომ ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი ომბუდსმენი, რომელიც ბიზნესის ინტერესებს იცავს. ბატონი გიორგი გახარია ძალიან წარმატებული იყო, როდესაც მხოლოდ ომბუდსმენი იყო, მაგრამ როგორც კი მან შეითავსა ასევე პრემიერმინისტრის მრჩევლის ფუნქცია, იმ წამსვე გაჩნდა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ის უკვე აღმასრულებელს ექვემდებარებოდა. ვინ აირჩევს ბიზნესომბუდსმენს - თვითონ ბიზნესსაზოგადოება თუ მთავრობა ჩვენთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩვენ გვჭირდება ომბუდსმენი, რომელიც დამოუკიდებელია და იბრძვის ბიზნესის ინტერესების გასატარებლად და ვისაც არ ეშინია საკითხები ისე წარმოაჩინოს, როგორც ეს სინამდვილეშია".
შეგახსენებთ, გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე 2013 წელს დაინიშნა და პარალელურად, ითავსებდა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს მას შემდეგ, რაც 2014 წელს რომან ჩხენკელმა ეს თანამდებობა დატოვა.

























