„ევროკავშირ-საქართველოს“ ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე bm.ge-თან ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას აფასებს.
საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების პროექტი ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა.
ზვიდ ჭუმბურიძე თვლის, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლებას სურს საინვესტიციო კლიმატი შექმნას და გაზარდოს იმის შანსი, რომ მეტი ტრანსნაციონალური კომპანია შემოვიდეს საქართველოში, მნიშვნელოვანია, აქცენტი ენერგოსექტორზე გაკეთდეს.
მისი თქმით, საგადასახადო შეღავათები დადებითად იმოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე და ქვეყანა შეძლებს მიმზიდველი საგადასახადო ბაზით სხვა ბევრ ქვეყანას კონკურენცია გაუწიოს.
„ის, რომ რეფორმები ეკონომიკას სჭირდება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად, დაახლოებით, რამდენიმე თვეში. ჩვენ კი ვართ საკმაოდ მოწინავე რიგებში ბიზნესის კეთების კუთხით, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის რაღაც საშუალებები იმისთვის, რომ მცირე ბიზნესი განვითარდეს. აუცილებელია, მანდ იყოს შეღავათები, თუნდაც ერთწლიანი. პირობითად რომ ვთქვათ, ჩამოვიდა რომელიმე უცხოური კომპანია და მას უნდა ინვესტიცია მოახდინოს და მცირე ბიზნესი დაიწყოს საქართველოში. მე რომ მკითხოთ, აქ ყველა შეღავათი უნდა იყოს იმისთვის, რომ ერთი წელი მაინც მინიმალური გადასახადი დაუწესოთ ამ კომპანიებს. მეტი რეფორმა, მეტი ინოვაცია ძალიან კარგია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ განვვითარდეთ, გაცილებით მეტი საშუალება უნდა იყოს“, - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.
„ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ თუ სასამართლო სისტემა გამართულად არ იმუშავებს, ნებისმიერი ინვესტორი კომპანია თავს შეიკავებს საქართველოში გადმოიტანოს ან დაიწყოს ბიზნესები.
„თუ სასამართლო რეფორმას არ გავატარებთ, უცხოელი ინვესტორი პირველი, აი, ამ მაჩვენებელს უყურებს - რა მექანიზმია ბიზნესდავების დადებითად გადაწყვეტისთვის, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება სამართლიანი და ა.შ დათუ ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ, ჩათვალეთ, რომ ყველა ეჭვის თვალით შეხედავს ბიზნესის დაწყებას. ბიზნესი არის ის ორგანიზმი, რომელიც სასამართლო დავებში არასწორ მიდგომას და მიკერძოებას ნამდვილად ვერ იტანს და ეს არის ბიზნესისთვის კატეგორიულად მიუღებელი.
კარგია, რომ ტრანსნაციონალურ კომპანიებს ექნებათ შეღავათები, მაგრამ ტრანსნაციონალურ კომპანიებს არ უნდა გაუჩნდეთ ის განცდა, რომ დავის შემთხვევაში წააგებს, დაზარალდება და მის ინვესტიციას საფრთხე დაემუქრება“, -აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე.

























