კერძო სექტორის წარმომადგენლები ამ წუთებში "ოქროს სიის" შეღავათის გაუქმების საკითხზე სამსჯელოდ ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. შეხვედრა ფინანსთა მინისტრის ინიციატივით და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით იმართება.
კერძო სექტორის წარმომადგენლები მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც იმპორტის გადასახადის 30 დღიანი ვადა 5 დღემდე შემცირდა.
მათი თქმით, სანამ სამინისტრო მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს, ცვლილებების აღსრულება დროებით უნდა შეჩერდეს.
"ჩვენი მოლოდინია, ეს რეგულაცია სულ მცირე, შეჩერდება ამ ეტაპზე. როგორც იცით, ბევრმა ბიზნესმა გააკეთა განცხადება ამ საკითხზე. მნიშვნელოვანი იყო ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის პოზიციაც, რომელმაც მოუწოდა მთავრობას, ეს რეგულაცია სულ მცირე შეჩერდეს და განხილვები დაიწყოს ბიზნესთან. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ რეგულაციას შეაჩერებენ, მოგვეცემა საშუალება მათთან ერთად დავსხდეთ და კონსტრუქციულად ვისაუბროთ იმაზე, რაც არის ამ რეგულაციის მიზანი. თუ რაიმე სახით სჭირდება სახელმწიფოს ბიზნესის მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჯერ უნდა გავერკვეთ, რა არის ამ კონკრეტული რეგულაციის მიზეზი, რადგან ამ ეტაპზე ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს.
ჩვენი პოზიციაა, რომ ეს რეგულაცია უნდა გაუქმდეს. ის, რაც არის დღეს, პასუხობს ყველა ევროპულ სტანდარტს.
ბიზნესთან აუცილებელია დიალოგი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია და საუბარი, რათა შემდგომ არ გვქონდეს ცუდი რეაქცია", - განაცხადა "ბრითიშ ემერიქან თობაქოს" წარმომადგენელმა ზვიად სხვიტარიძემ.
ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს JTI-ის წარმომადგენელიც. ივა ხასიას თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც ბიზესთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული, გადაიხედოს, როგორც მინიმუმ, მისი აღსრულება შეფერხდეს.
"იმედია, დღეს მოვისმენთ, რამ განაპირობა ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. რატომ არ იყო ბიზნესთან კომუნიკაცია, როცა მილიონებზეა საუბარი. იმედია მოგვეცემა რეალისტური ვადები, როცა მოხდება ამ რეგულაციის აღსრულება.
მოლოდინი არის, რომ მოვისმენთ იმ გარემოებებს, რამაც გამოიწვია ასე დაჩქარებულად ამ გადაწყვეტილების მიღება. გვიწევს მილიონობით თანხების წინასწარ აკუმულირება, არ ვიცით, საიდან მოვიტანთ ამ თანხებს. შეუძლებელია 5 დღეში იმ მოცულობის საქონლის გაყიდვა, რაც ერთ თვეში უნდა გაყიდულიყო. ეს ნეგატიურად აისახება ჩვენი ბიზნესის ბრუნვაზე", - აცხადებს ივა ხასია.
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ესწრება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძეც.
"ჩვენს ასოციაციაში ბევრი კომპანიაა, რომელსაც ეს რეგულაცია შეეხება. ჩვენ არგუმენტირებულად შევეცდებით ფინანსთა მინისტრს და ხელისუფლებას ავუხსნათ, რომ კარგი იქნება თუ ამ გადაწყვეტილების გაუქმება არ მოხდება და პირიქით, ჩვენი აზრია, რაც შეიძლება, გაფართოვდეს ეს სია. ეს უფრო მისასალმებელი და სწორი იქნება ქვეყნისთვის.
როცა ჩვენ გვქონდა 30 დღიანი ვადა, გადაგვეხადა იმპორტის გადასახადი ბიუჯეტში, ეს იყო ძალიან კარგი შეღავათი. ვფიქრობთ, ამ ტიპის კომპანიების რაოდენობა უნდა გაიზარდოს. არათუ მთლიანად გაუქმდეს, არამედ პირიქით ხელი უნდა შევუწყოთ, რაც შეიძლება კიდევ უფრო გამარტივდეს პროცედურები და რაც შეიძლება ბევრ კომპანიას შეეძლოს ამ შეღავათის გამოყენება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

























