მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესი მთავრობას ჩაის პლანტაციების გადაცემის წესის შეცვლას სთხოვს

5b4af0fc62d4e
მაია ბიწაძე
15.07.18 11:40
1377
"გაჩერებულია მიწა, გაჩერებულია ეკონომიკა, გაჩერებული ეკონომიკა კი სიღატაკის ზღვარს მიღმა არსებული მოსახლეობაა“ - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია ,,საქართველოს თაიგულის“ დამფუძნებელმა, ილია ბასილაშვილმა განუცხადა. როგორც ბასილაშვილი ამბობს, უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობს დასავლეთ საქართველოში ამორტიზებული ჩაის პლანტაციების საკუთრებაში აღებას, რისთვისაც ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ, მათ შორის წერილობითაც მიმართა.

"ეკონომიკის სამინისტროს ჩაის პლანტაციების გადმოცემაზე ძალიან ცუდი პირობები აქვს. სულ მიდის ვაჭრობა იმაზე, რომ ნორმატიული ფასით ვერ მოგვყიდიან, გამოგონილი საბაზრო ფასით აპირებდნენ ჩვენთვის მოყიდვას. იმედი გვაქვს, რადგან ეკონომიკის სამინისტროში ხელმძღვანელობა შეიცვალა, მიდგომებიც შეიცვლება.

ათგვერდიანი წერილი მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს, რაზეც ჯერ პასუხი არ გვაქვს. გვინდა გადმოგვცენ ეს გავერანებული ჩაის პლანტაციები, რომლებშიც მგელი და ტურაა გავრცელებული და სოფლის მოსახლეობას შინაურ პირუტყვს უნადგურებს. მიწის შესახებ დებულებაში პირდაპირ წერია, რომ შეუძლიათ ეს დაზიანებული პლანტაციები ნორმატიული ფასით მოგვცენ “ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, კომპანიას ბაზრზე დამკვიდრება გაუჭირდება. 2016 წელს ,,საქართველოს თაიგულს“ იჯარით 5 ჰექტარი პლანტაცია გადაეცა, როგორც ბასილაშვილი ამბობს, ეს სანედლეულო ბაზა არასაკმარისია, იჯარის პირობები კი კაბალურია. თითოეული ჰექტარი ჩაის პლანტაციის აღდგენას მინიმუმ 10 ათასი ლარი სჭირდება.

"ათი წელი მაინც მჭირდება იმისთვის, რომ ეს პლანტაციები აღვადგინო და ნორმალურ მდგომარეობამდე მივიყვანო, ე.ი მრჩება ხუთი წელი იჯარის პერიოდით, რომლის გასვლის შემდეგაც ხელშეკრულება ისე მიუქმდება, რომ არც კი მეკითხებიან, ეს პლანტაცია მინდა, თუ არა. არანაირი უფლება მის უპირატეს გამოსყიდვაზე, ან იჯარაზე არ მაქვს, არადა ამხელა ინვესტიცია უნდა განვახორციელო და დიდი შრომა ჩავდო.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წელიწადში 50 ტონა მაღალი ხარისხის ჩაი ვაწარმოოთ. ეს რამდენიმე სოფელში სამუშაო ადგილებს და სოფლის გადარჩენას ნიშნავს. მე კი არ უნდა ვეხვეწებოდე ეკონომიკის სამინისტროს, თავად უნდა მოდიოდნენ და მთავაზობდნენ პლანტაციების გადმოცემას, რადგან ამხელა ფაბრიკა ავაშენეთ. ვითხოვ, რომ 20 ჰექტარი მაინც მომცენ კერძო საკუთრებაში სიმბოლურ, ან ნორმატიულ ფასად და მე შევასრულებ იმ პირობებს, რაც დამეკისრება“ - განაცხადა ილია ბასილაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები