ბიზნესი თავისი არსით ოპტიმიზმზე არის დაფუძნებული და როცა სტატუსს იღებ, უფრო მეტად გრძნობ რომ შენი ინვესტიცია დაცულია, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გასული წლის პოზიტიური დაგვირგვინებაა, რაც ინვესტორებში ინვესტიციის განხორციელების სურვილს აჩენს.
"2023 წელი საკმაოდ პოზიტიური გამოვიდა, რადგან ბზინეს ინდექსის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალი იყო ვიდრე, 2022 წელს. ეს გასაგებია რადგან 2022 წელი მაინც პოსტპანდემიური და ომის დაწყების წელია და აქედან გამომდინარე განწყობები ცვალებადი იყო. ბიზნესი თავისი არსით ოპტიმიზმზე არის დაფუძნებული და როცა სტატუსს იღებ, უფრო მეტად გრძნობ რომ შენი ინვესტიცია დაცულია", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
მან ასევე ისაუბრა 2023 წლის მთავარ პრობლემებზე, რაც 2024 წელსაც გამოწვევად რჩება. კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ბიუროკრატიული წნეხი არის ის, რაც მისი მოსაზრებით გასული წლის მთავარი პრობლემები იყო. ლევან ვეფხვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს ორივე მიმართულებით პრობლემები გადაიჭრება.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი გასული წლის 14 დეკემბერს მიანიჭა.